„ინკლუზიაში არსებულ დაფარულ პრობლემებზე საჭიროა ღიად საუბრის დაწყება“ … –  „ირა კოხრეიძის  ინკლუზიური  თეატრი“  სტერეოტიპის დანგრევას იწყებს

ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის დასი მეოთხე წელია, არსებობს და, როგორც მისი დამაარსებლები – გიორგი მიქაბერიძე და ირა კოხრეიძე ამბობენ, ინკლუზიური დასის დაარსება თავიდან დიდი შემოქმედებითი ექსპერიმენტი იყო.
დასში ირიცხება 22 მსახიობი, რომელთაგან 15 შშმ პირია.  თეატრში მათი ადრე დაფარული უნარები და შესაძლებლობები გამოვლინდა,  გამოიკვეთა მათი ინდივიდუალიზმი და შინაგანი სამყარო…
მაგრამ როგორც თეატრის ხელმძღვანელები ამბობენ,  შშმ სფეროში ოთხწლიანი მუშაობის მანძილზე, ისინი წააწყდნენ გაურკვევლობებსაც, შშმ სფეროში მოღვაწე ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ეს სფერო ახალი ტიპის ბიზნესსაქმიანობად აღიქმება.   ამ საქმიანობის მონიტორინგი კი არ ხდება, არ მოწმდება მუშაობის ხარისხი, სად იხარჯება გრანტებით მიღებული თანხები, იცავენ თუ არა ხელმძღვანელები  ბენიფიციარებთან ეთიკური ქცევის კოდექსი, ხდება თუ არა შშმ პირთა მშობლების ფსიქოლოგიური მანიპულირება ცრუ დაპირებებით…
ირა კოხრეიძე და გიორგი მიქაბერიძე მოითხოვენ ამ საკითხზე ღიად საუბრის დაწყებას, იმისთვის, რომ მომავალში ეს პრობლემა არ გაღრმავდეს, არამედ აღმოიფხვრას. – რუბრიკა „პერსონის“ სტუმრები არიან – გიორგი მიქაბერიძე და ირა კოხრეიძე.

 –  მეოთხე წელია დაარსდა ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი“, სადაც მოღვაწეობენ  შშმ პირები. რა მიზანი გქონდათ? ამ გადასახედიდან თუ  გაამართლა თქვენმა მიზანმა? პირველი ნაბიჯები…

გიორგი მიქაბერიძე:   ჩვენ,  პირველ რიგში, ხელოვანები ვართ  და ჩვენთვის ყოველთვის საინტერესო იყო შემოქმედებითი ექსპერიმენტები და სიახლის ძიება ხელოვნებაში. მე და ირამ  დავიწყეთ ერთობლივი მოღვაწეობა 2015 წლის ნოემბერში.  იმის მიუხედავად, რომ ორივეს ცალ-ცალკე წარსულში გვქონდა გარკვეული მცირე გამოცდილება  ინკლუზიაში,  ჩვენთვის ინკლუზიური დასის დაარსება ძალზე საპასუხისმგებლო გამოწვევა და დიდი შემოქმედებითი ექსპერიმენტი იყო თავიდან.
მიზანი პროცესში ფორმირდებოდა და მივხვდით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ერთად შესაძლებელია, შეიქმნას  თანამედროვე ხელოვნების რეალურად მაღალი ხარისხის  პროდუქტი. ასევე, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანია საზოგადოებაში შშმ პირთა ღირსეული ინტეგრაციის ხელშეწყობა და „არატრადიციული“ მიდგომების გამოყენებით ინკლუზიურ ხელოვნებაში და განათლებაში არსებული სტერეოტიპების დანგრევა.  ვფიქრობ, ჩვენი მიზანი ამართლებს.
თანადგომისთვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ რუსთაველის თეატრს და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თანამოაზრეები არიან, გვერდში გვედგნენ და გვიდგანან ამ თეატრის განვითარების პროცესში.
რას გულისხმობთ არატრადიციულ მიდგომებში, რომელიც თქვენი ერთ-ერთი მიზანია?
გიორგი მიქაბერიძე:   – ჩვენ არ მოგვწონს ზოგადად არცერთ სფეროში უხარისხობის და არაპროფესიონალიზმის მასობრივი პიარი  და გაფეტიშება. განსაკუთრებით ინკლუზიასთან დაკავშირებით, რაც, სამწუხაროდ, მოხშირდა საქართველოში.
ვთვლით, რომ უმთავარესია მუშაობის (პროდუქტის) შედეგი და არა უაზროდ ყვირილი, მთავარია პროფესიონალიზმი და ხარისხი  და არა რაოდენობა. ამიტომ   ჩვენ  ვცდილობთ, პირველ რიგში საკუთარ თავს მოვთხოვოთ იმაზე მეტი, ვიდრე დღეს ინკლუზიურ/ინტეგრირებულ ხელოვნებაში არსებული დაბალი სტანდარტებია. ვფიქრობთ,  ზუსტად ასეთი მიდგომით არის შესაძლებელი შშმ პირთა ღირსეული ინტეგრაცია და სოციალიზაცია, და არა მხოლოდ  ზედაპირული, უხარისხო ღონისძიებების და აქტივობების აქტიური პიარით. ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მეტი ლაპარაკი უყვართ საქმეზე, ვიდრე მისი ხარისხიანად კეთება.
ჩვენ არ მივესალმებით ასეთ მიდგომებს და ვცდილობთ, შევცვალოთ  არსებული სტანდარტები.
ასეთი ფონის არსებობის გამო შშმ ბავშვების და მოზარდების მშობლებიც აღმოჩნდნენ გამოუვალ და გაურკვეველ  მდგომარეობაში, რადგან ყველა მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შვილის მაქსიმალური ჩართულობა სხვადასხვა ინკლუზიურ წრეში და აქტივობაში, რაც სავსებით ბუნებრივი და გასაგებია, მითუმეტეს იმის ფონზე,  როცა სულ რაღაც 10-15 წლის წინ  თითქმის არაფერი ხდებოდა ქვეყანაში ინკლუზიის მიმართულებით. არსებული ფონის გამო ჯერჯერობით არ ექცევა სათანადო ყურადღება კომპეტენტურობას და პროფესიონალიზმის საკითხებს.
დროა,  პროფესიონალიზმის და ხარისხის დონემ ამ სფეროშიც  ნელ-ნელა  აიწიოს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ  დავისახეთ მიზნად, არატრადიციული მიდგომებით დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპი და ინკლუზიური ხელოვნების მიმართ არსებული თამასა  უფრო მაღლა ავწიოთ. და ეს საქმით გავაკეთოთ და არა საქმეზე  მხოლოდ ბევრი საუბრით.
რას იტყოდით შშმ პირებზე – მსახიობებზე, მათ ნიჭზე?… როგორ მოხერხდა ამ ხნის მანძილზე შშმ პირთა ინტეგრაცია და სოციალიზაცია საზოგადოებაში?

ირა კოხრეიძე: – მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს დასში ირიცხება 22 მსახიობი, რომელთაგან 15 შშმ პირია.  პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მათთან მუშაობა და ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. მუშაობის პროცესში ბევრი აღმოჩენა კეთდება. გამოაშკარავდა მათი ადრე დაფარული უნარები და შესაძლებლობები,  გამოიკვეთა მათი ინდივიდუალიზმი და შინაგანი სამყარო, რაც  უკვე სცენაზე როლის შესრულების დროსაც ვლინდება.

გიორგი მიქაბერიძე: – საგრძნობლად გაიხსნა  მათი ურთიერთობები ერთმანეთთან და საზოგადოებასთან, ზოგადად.  გამოეკვეთათ პასუხისმგებლობის გრძნობა, ასევე ჯანსაღი ამბიციებიც ვლინდება მათი მხრიდან,  რაც პროგრესის მომტანია  მათი პროფესიული ზრდის თვალსაზრისით. ისინი პროფესიონალი მსახიობებივით უდგებიან მუშაობის პროცესს. ინდივიდუალიზმთან ერთად გუნდური მუშაობის უნარებიც გამოიმუშავეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან საინტერესო პროცესია.
თქვენი მეუღლე ირა კოხრეიძე რეჟისორია და ერთად ხელმძღვანელობთ დასს. როგორია თქვენი ურთიერთანამშრომლობა?

ირა კოხრეიძე: – ურთიერთთანამშრომლობის პროცესი მიმდინარეობს საინტერესოდ და დინამიკურად, ხშირად გვაქვს ერთმანეთთან შემოქმედებითი კრიტიკული  დისკუსიები,  რაც, საბოლოო ჯამში, გვაძლევს იმ შედეგს, რომელსაც ველით.
გიორგი: – კი, ნამდვილად ასეა.  პროდუქტიული თანამშრომლობა გამოგვდის.

დაარსების დღიდან რომელ სპექტაკლს გამოყოფდით?
ირა კოხრეიძე: – ჩემთვის ყველა ჩვენი სპექტაკლი მნიშვნელოვანია, ისინი გარკვეულწილად საფეხურებს ჰგავს.  განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს მესამე სპექტაკლს „სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროზე“, რადგან, ვფიქრობ, ის მეტად მძაფრი და დამაფიქრებელი გამოვიდა.
ამას წინათ, ჩემთან საუბრისას განაცხადეთ, რომ შშმ სფეროში ოთხწლიანი მუშაობის მანძილზე, აღმოაჩინეთ, რომ კერძო ინკლუზიური საქმიანობების მიღმა, არიან ისეთებიც, რომლებიც ამ სფეროს აღიქვან, როგორც პერსპექტიულ ბიზნესსაქმიანობას… უამრავი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, სავარუდოდ, თაღლითურ საქმიანოსაც აქვს ადგილი და შშმ პირებით მანიპულირება მართლაც ხდება ჩვენ ირგვლივ… როგორ ფიქრობთ, რატომ არ ტარდება მონიტორინგები და არავინ ამოწმებს ამ მომრავლებული ჯგუფების  მუშაობის ხარისხს?

ირა კოხრეიძე: – მოღვაწეობის პირველ ეტაპზე ჩვენ წავაწყდით რიგით გაურკვევლობებს, რაც ძალიან გაგვიკვირდა, რადგან არ წარმოგვედგინა მათი არსებობა ამ სფეროში. მაგალითად, წავაწყდით ისეთ სიტუაციებს, როცა ჩვენთან დაკავებული შშმ ბავშვები პარალელურად სხვა დასების წარმოდგენებშიც მონაწილეობდნენ. ზოგიერთი „სხვა“ დასების ხელმძღვანელობის მხრიდან, ირიბად და ზოგჯერ პირდაპირ იყო დაფიქსირებული გაღიზიანება, პრეტენზია და უკმაყოფილება ჩვენ მიმართ იმის გამო, რომ  ეს ბავშვები ჩვენს სპექტაკლებშიც მონაწილეობდნენ, რაც დისკრიმინაციის ფაქტს წარმოადგენს.
სხვადასხვა  ირიბმა თუ პირდაპირმა პროვოკაციამ და ფაქტმა   დაგვაფიქრა იმის შესახებ,  რომ არსებობს შშმ პირთა მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება.
რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება  შშმ  სფეროში მომუშავე ყველა ორგანიზაცია, პირიქით, მისასალმებელია, რომ ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი რამ კეთდება ამ სფეროში დღეს, ჩვენც გვახარებს, რომ ამ სფეროში ჩართულობამ იმატა. მაგრამ, სამწუხაროდ, აქ მოღვაწეობენ ისეთი ადამიანებიც, რომლთა საქმიანობა ძალიან  სერიოზულ შესწავლას საჭიროებს.
სამწუხაროდ, დღეს შშმ სფეროში მოღვაწე ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ეს სფერო ახალი ტიპის ბიზნესსაქმიანობად აღიქმება.
დღეს, სამწუხაროდ, არ ხდება ამ საქმიანობის მონიტორინგი. არ მოწმდება მუშაობის ხარისხი, სად იხარჯება გრანტებით მიღებული თანხები, იცავენ თუ არა ხელმძღვანელები  ბენიფიციარებთან ეთიკური ქცევის კოდექსი, ხდება თუ არა შშმ პირთა მშობლების ფსიქოლოგიური მანიპულირება ცრუ დაპირებებით, არის თუ არა  მონოპოლიზაციის მცდელობები ამ დარგში და ა.შ.
არ ტარდება მონიტორინგი, რადგან ეს სფერო ჯერ ახალია ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოება არ არის საკმარისად გამოცდილი და ჩახედული ამ სფეროში.  თუმცა, საბედნიეროდ, უკვე მშობლების ერთი ნაწილი აღიარებს ამ ფარულ შიდა პრობლემებს, ასევე ზოგიერთი შშმ ორგანიზაცია გვიჭერს მხარს ამ პრობლემის აქტუალიზაციაში,  რაც მისასალმებელია.
ვფიქრობ, ამ საკითხზე საჭიროა ღიად საუბრის დაწყება, იმისთვის, რომ მომავალში ეს პრობლემა არ გაღრმავდეს, არამედ აღმოიფხვრას.
რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს?
გიორგი მიქაბერიძე:   – ეს პრობლემა  მარტივად და მოკლე დროში არ მოგვარდება. ამას სჭირდება დრო, კვალიფიციური კადრების შექმნა, საზოგადოების გამოცდილების და შეგნების ზრდა. ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგის სამსახურების არსებობა, რომელიც გამოიკვლევს შიდა სამზარეულოს და დააკვირდება პროცესებს.
თქვენი დასი დაფინანსების გარეშე  მუშაობს. თქვენი შემოქმედებით დაინტერესდა ევროპის ორი ქვეყანა, გერმანიის საერთაშორისო ფესტივალიდანაც მიიღეთ მოწვევა… რა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოში სათანადო ყურადღებას არ იჩენენ თქვენ მიმართ?მხოლოდ ფინანსებია ხელისშემშლელი ფაქტორი?
ირა კოხრეიძე:
– ვერ ვიტყვით, რომ ყურადღებას ძალიან მოკლებული ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მეოთხე წელია სახელმწიფოსგან არანაირი დაფინანსება არ მიგვიღია.  მაგრამ პარალელურად გვქონდა იმ ადამიანების პერიოდული მხარდაჭერა, ვინც გულშემატკივრობს ჩვენს საქმეს.
ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა სხვა ქვეყნების თეატრალებისა და ხელოვნებათმცოდნეების დადებითი შეფასება და საგასტროლო მოწვევის მიღება. ვიმედოვნებთ,  ყველა ჩვენი გეგმა წარმატებით განხორციელდება.

ახალ სპექტაკლზე მუშაობთ სამომავლო გეგმები…
ირა კოხრეიძე:    – ამჟამად  ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ,  ჩემი საავტორო პიესის მიხედვით. პრემიერა რამდენიმე თვეში გვექნება რუსთაველის თეატრში.
სამომავლო გეგმებზე ვიტყვი იმას, რომ გეგმებზე წინასწარ საუბარს, საქმის კეთება გვირჩევნია.
გიორგი მიქაბერიძე:  – მალე შეგატყობინებთ პრემიერის თარიღს. გეპატიჟებით ყველას.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები