ბაროზო: ევროკავშირი საქართველოს ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგულია

   საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა საქართველო-ევროკავშირის მყარ ურთიერთობებზე მიუთითებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს შეხვედრა ნათელი გზავნილის მატარებელია, რომ ევროკომისია მხარს უჭერს დემოკრატიულ, აყვავებულ, სტაბილურ საქართველოს. ევროკავშირი საქართველოს ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგულია. ხელმოწერა იქნება ისტორიული ეტაპი და ინვესტიცია მომავალში, რომელიც საზოგადოებას მოუტანს სარგებელს, გახსნის ბაზრებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ აყვავებული მომავალი. საქართველო იყო ლიდერი რეფორმებში და ჩვენ მხარს ვუჭერთ ძირითად პოლიტიკურ და სასამართლოს სისტემის რეფორმებს. საქართველოს ამ გზაზე ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება ევროკავშირის მიერ“, – განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზომ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ფინანსურ მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსადმი 19 მილიონი ევროს გამოყოფა ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთი მხარდაჭერის გამოვლინებაა. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდად აფასებს ევროკავშირის ძლიერ მხარდაჭერას მთელი რიგი მიმართულებებით და ელის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
„27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირ-საქართველოს შორის. ეს ხელშეკრულება ჩვენს ურთიერთობას თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, რომელიც უამრავ შესაძლებლობებსა და უპირატესობას მოუტანს საქართველოს.
დღეს ჩვენ მოვიწონეთ და მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, როგორც 2014-2016 წლების პერიოდის ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების მთელი კომპლექტი. იგი დაეხმარება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) წარმატებული განხორციელების მომზადებაში. როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ბატონმა რომპეიმ განაცხადა გასულ კვირას თბილისში, ასოცირების ხელშეკრულება არ წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტ ბაროზოსთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღინიშნა, რომ საქართველო რეფორმებს მომავალი თვეების განმავლობაშიც განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები