პრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო
ახალციხეში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა, – ახლად აშენებული მულტიფუნქციური კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
“ახალციხის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი უახლოეს მომავალში მიიღებს ახალციხელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ წავახალისოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტის განვითარება. ბევრი ასეთი პროექტი უნდა განხორციელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალციხის სპორტკომპლექსი მოიცავს დიდ და მცირე საცურაო აუზებს, ასევე ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს, რაც როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სპორტის სახეობებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის ქალაქ ახალციხის მერიისთვის გადაცემის პროცედურები. პროცესის დასრულების შემდეგ, დაკომპლექტდება პროფესიული გუნდი და მულტიფუნქციური ცენტრი სრულფასოვან ფუნქციონირებას დაიწყებს.
სპორტული კომპლექსი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.