„ლევან გოთუას გვერდით მუშაობა ჩემი ცხოვრების „ოქროს ხანა“ იყო“…

მისი სიმდიდრე მოგონებები და ის წლებია, როცა ლევან გოთუას გვერდით ჟურნალ „ძეგლის მეგობრის“ რედაქციაში მუშაობდა. პირველი ნომრის დაარსებიდან, 35 წლის განმავლობაში, ჟურნალის გამოცემას ერთგულად ემსახურებოდა. ამ პერიოდს ცხოვრების „ოქროს ხანას“ უწოდებს.
ამბობს, რომ ბედნიერია, ბედმა დიდებულ ადამიანებს რომ შეახვედრა და ეროვნულ საქმეში თავადაც მონაწილეობდა.  – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტის, ნორა თიგიშვილის პერსონა.

– მწერალთა კავშირში დროებით იოსებ ნონეშვილთან დროებით მდივნად ვმუშაობდი. ბატონი იოსები გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი იყო.  იქ გავიცანი ბატონი ლევანი  და მისი მეუღლე ქალბატონი ციცოც, რომელიც მწერალთა კავშირის პოლიკლინიკაში მუშაობდა.
არ ვიცი, ბედად რა თვალზე შემომხედა, ბატონმა ლევანმა მითხრა, ვაარსებ ჟურნალ „ძეგლის მეგობარს“, ამ გოგოს ჩემთან წავიყვანო. ასე წამოვედი იოსებ ნონეშვილისგან და დავიწყე ძეგლთა დაცვის საზოგადოებაში მოღვაწეობა. ეს მოხდა 1964 წელს.
1964 წელს დაარსდა ჟურნალი,  სახელი „ძეგლის მეგობარი“ ბატონმა ლევანმა თვითონ უწოდა.
ჟურნალის ოფისი ძერჟინსკის ქუჩაზე (ახლანდელი ინგოროყვას ქუჩა) მდებარეობდა, ჟურნალი კი ცეკას გამომცემლობაში იბეჭდებოდა. ბატონი ლევანი  საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი იყო. მორიგეობით რედაქტორობდნენ სარედაქციო კოლეგიის წევრები. ჟურნალი წელიწადში ოთხჯერ საზოგადოებრივ საწყისებზე გამოდიოდა. საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებაში ყველას ინსტრუქტორი გვერქვა.
ჩვენთან სამსახურში თავს მევლებოდნენ, ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი კარგი ხალხი შემხვდა. პასუხისმგებელი მდივანი ძალიან კარგი ქალბატონი ზაირა სტურუა იყო, სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი. სარედაქციო კოლეგიაში იყვნენ ჩვენი საზოგადოების ცნობილი პიროვნებები: თენგიზ ბუაჩიძე, ლადო გუდიაშვილი, ნიკო კეცხოველი, კოტე სოხაძე, გიორგი ჩიტაია, გიორგი ჩუბინაშვილი…
–  ჟურნალის პირველი ნომერი 1964 წელს გამოვიდა… ვიცი, რომ მოსკოვის წინააღმდეგობა შეხვდა…
–  პირველ ნომერს ჟურნალი ერქვა, ატყდა რუსეთიდან ერთი ამბავი. დიდი ზეწოლა იყო, ჟურნალის გაუქმება უნდოდათ. ბატონმა ლევანმა თქვა, ამისთვის მე ვიბრძოლებო.
ნამდვილი პატრიოტები იყვნენ მაშინ. ისეთი პატრიოტები ახლა აღარ შემხვედრიან.  უფრო უიპატრიოტები არიან. თენგიზ ბუაჩიძემ, რომელიც მაშინ კულტურის მინისტრი იყო, ბევრი იბრძოლა ჟურნალის სახელისთვის. პატივს სცემდნენ და მისი სიტყვა ყველასთვის მისაღები იყო.
ბატონი ლევანიც ბევრს იბრძოდა, მნიშვნელობა არ აქვს, ნუ დავარქმევთ ჟურნალს, ოღონდ არ შეგვიწყვიტონო. მეორე ნომრიდან გამოცემას კრებული დაარქვეს, ყველაფერი ისევე რჩებოდა, როგორც იყო დაგეგმილი და გათვალისწინებული. ლევან გოთუამ მიაღწია იმას, რომ ჟურნალი ისევ გამოვიდოდა, ოღონდ კრებული ერქმეოდა.
– მასალები…
– რადგან ჟურნალი საზოგადოებრივ საწყისებზე გამოდიოდა, უჰონორაროდ ვმუშაობდით. ურთიერთობა გვქონდა ყველა ავტორთან, რედაქტორთან. ისინი სიას გვაძლევდნენ, რა მასალები უნდა მოგვეძია. დავდიოდით სახლებში და მასალები მოგვქონდა.
ხშირად მიწევდა ბატონ ლევანთან ოჯახში სტუმრობა. კარგად მახსოვს, როგორი ადამიანური, განსაკუთრებული პიროვნება იყო. იმის მიუხედავად, რომ ამდენი ძნელბედობა, დაპატიმრება-გადასახლება გადაიტანა, არაფრით არ შეიცვალა მისი ბუნება და პიროვნება. ყველასადმი კეთილი დამოკიდებულება ჰქონდა.
ნომერი რომ გამოდიოდა, რედაქტორები ჟურნალს სამადლობელი წარწერებით მაჩუქებდნენ ხოლმე. ბატონმა ლევანმა მეათე ნომერს წააწერა: „ძეგლების ახალგაზრდა ახალგაზრდა დედოფალს, კრებულების თავდადებულ მუშაკს“… და მისახსოვრა. ამ ნომერშია ბატონი ლევანის მოწოდება – „ძეგლის ყველა მეგობარს“. ლევანის დაწერილია ტექსტი, ბოლოში კი – ცნობილი ადამიანების ხელმოწერებია, რომელიც მე შევაგროვე…
„გმირთა ვარამის“ ერთ-ერთ წიგნს აქვს წარწერა – „ჩვენი ძეგლების ქალიშვილს – მომავალ ქართველ მოღვაწეს. პატივისცემით, ავტორი“…
– ეს წიგნი სხვამ მომპარა და სახელი ამოჭრა, რომ თავისად გაესაღებინა ბატონი ლევანის ნაჩუქარი წიგნი… მოგვიანებით იძულებული გახდა, დაებრუნებინა…
სულ „ძეგლის მეგობრის“ რამდენი ნომერი გამოვიდა?
– დაახლოებით 100 ნომერი გამოიცა. სამწუხაროდ,  არცერთი ნომერი არ მიუძღვნეს ბატონ ლევან გოთუას…  თუმცა იყო ლაპარაკი…  გული მწყდება ამაზე.
– რას გაიხსენებთ?
– ბატონი ლევანი ძეგლთა დაცვის საზოგადოებაში ყველასადმი  სითბოს გამოხატავდა. ვინმეზე გაბრაზებული არასოდეს მინახავს, ან ვიღაცაზე რამე ცუდად რომ ეთქვას. სულ მიკვირდა, როგორ დარჩა ბოლომდე ასეთი სუფთა. ხშირად გვიყვებოდა თავის ისტორიას, რომელიც მერე  „მნათობში“დაიბეჭდა.
მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ოჯახური პრობლემები მქონდა… თანხა მჭირდებოდა…
შემთხვევით გაიგო ბატონმა ლევანმა და  ჩემთვის გადმოსაცემი თანხა სამსახურში დატოვა. თანამშრომლებს სთხოვა, ვიცი, რომ უჭირს, მე მერიდება და რამე მოიგონეთ და  გადაეცით, გზის ფული მაინც ჰქონდესო. დასაბეჭდი ტექსტი მომცეს, რომელიც ჩვეულებრივ, როგორც ვმუშაობდი სამსახურში, მანქანაზე დავბეჭდე… მე მერე გავიგე ეს ამბავი… კინაღამ ვიტირე. თურმე მოიგონეს ის საქმე.
აი, ასე ზრუნავდა თანამშრომლებზე და სიკეთის გაკეთებაც ჩუმად უყვარდა.
მახსოვს, რაჭიდან ჩამოსული ორი ძმა – გორდიაშვილები. ერთი მათგანი – თამაზი ხელოსანი იყო. ღია ცის ქვეშ მუზეუმი მისი ხელით არის გაკეთებული. ბატონმა ლევანმა მიიყვანა და მოაწყო იქ. ბინა არ ჰქონდა… იქვე დაცვაში პარალელურად დარაჯადაც მუშაობდა.  გორდიაშვილების ოჯახს ძალიან უჭირდა, ლევანმა და  ციცომ მათი და – იზო გორდიაშვილი ოჯახში შეიფარეს. დაამთავრებინეს სამედიცინო სასწავლებელი, მოაწყვეს ექთნად, სადაც მუშაობდა საავადმყოფოში. მერე გათხოვდა ის ქალბატონი, კარგი ოჯახი შექმნა.
– ლევან გოთუა „ძეგლის მეგობრის“ სულისჩამდგმელი და ნათლია იყო…
– ბატონი ლევანი მარჯანიშვილზე ცხოვრობდა, ხშირად ვსტუმრობდით შინ. მანქანაზე თვითონ ბეჭდავდა ტექსტებს… გათბობაც კი არ ჰქონდა სახლში. დენის რეფლექტორს რთავდა და ისე მუშაობდა. ყველა ნომერში სულსა და გულს დებდა.
ჟურნალის მე-10-11 ნომერში გამოქვეყნდა ზემოხსენებული ცნობილი მოღვაწეების მიმართვა – „ძეგლის ყველა მეგობარს“.  ხელმოწერები იყო საჭირო. დამქონდა ტუში და ხელს ვაწერინებდი… მაშინ ჟურნალი ცინკოგრაფიულად, კლიშეებით იბეჭდებოდა, ხელმოწერები ზუსტად უნდა ჩამჯდარიყო ზომაში. მომცა ბატონმა ლევანმა საჭირო ფორმატის ქაღალდი და გამაფრთხილა, ყველა შეეცადოს, ისე განლაგდეს ხელმოწერები, გვერდზე არ გადავიდესო. მახსოვს ბატონ კონსტანტინე გამსახურდიასთან  სტუმრობა, როგორც ბატონმა ლევანმა გამაფრთხილა, მეც ისე ავუხსენი საქმის ვითარება – შემომხედა და გაბრაზდა, – გადაეცი ბატონ ლევანს, რომ ნუ დამიწესებს ზღვარსო.
ბოლოს მოვიტანე რედაქციაში ხელმოწერები, დაალაგა ეს ყველაფერი ბატონმა ლევანმა, გაეცინა, რაც ვუთხარი და თვითონ სულ ბოლოში მოაწერა ხელი.
– ალბათ მრავალი მოგონება გაქვთ…
– რედაქციაში ბატონი ლევანი სწავლულ მდივანთან, ირაკლი ზაქარიაშვილთან მეგობრობდა. ზაირა სტურუა მისი მეუღლე იყო.
ირაკლის და ზაირას ბავშვი არ ჰყავდათ. ერთხელ ლომისაზე წავიდნენ. ლევანს გაუგია, რომ თითქოს იმ დროს ბავშვს ელოდებოდნენ, გაუხარდა და ნათლია მე უნდა ვიყო და ლომისა დავარქვაო. – უთქვამს. სამწუხაროდ, ის ბავშვი დაიღუპა. მოგვიანებით შეეძინა ოჯახს შვილი.
ბატონ ლევანს კარგი ურთიერთობა ჰქონდა გიორგი ლეონიძესთან, რომელიც საბჭოს წევრი იყო. სასიამოვნოდ საუბრობდნენ ხოლმე. გოგლამ ხუმრობები იცოდა. რეპლიკებითაც ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს…
გავიხსენებ ერთ ამბავს. ზაირა სტურუა სხვაგან გადავიდა სამუშაოდ და პასუხისმგებელი მდივანი ლია წილოსანი იყო. ახმეტიდან ჩამოსულმა სტუმარმა რედაქციაში გუდის ყველი მოგვართვა. მოვიდა ბატონი ლევანი, თურმე ძალიან ყვარებია შავი პური და გუდის ყველი. სამსახურში რომ მოვიდოდა, თავაუღებლივ მუშაობდა მასალებზე.
შესვენებაზე მიირთვა თანამშრომლებთან ერთად. ასეთ დროს მერიდებოდა, არ შევდიოდი ხოლმე. როდესაც ალაგება დავიწყე, იმდენად არ მიყვარდა გუდის ყველი, მეგონა, გაფუჭებული იყო. ეს ყველაფერი შევფუთე და ყველის დიდი ნაჭერი ნაგავში გადავაგდე.
მეორე დღეს განაგრძეს მუშაობა ჟურნალის მასალებზე, ლია წილოსანმა მოიკითხა ყველი. გაფუჭდა და გადავაგდე-მეთქი, ვუთხარი. ბატონმა ლევანმა მოითხოვა, რა გემრიელი იყოო… რაღა უნდა მექნა… ასეთი ამბებიც ხდებოდა.
რას გაიხსენებთ ჟურნალის გამოსვლის ისტორიიდან?
– ჟურნალის გამოსვლა ბედნიერება და სიხარული იყო ჩემთვის. ბედნიერება იყო, რომ ამისთანა კარგ ხალხს ვემსახურებოდი. ისინი მორიგეობით რედაქტორობდნენ. კარგად მახსოვს ბატონი ნიკო კეცხოველი. ბატონი  ნიკო სხვა რედაქტორებს ხუმრობით ეუბნებოდა ხოლმე, თქვენი გამოცემული ჟურნალები მჭლე ნომრებია, ანუ თხელიაო… ნომერი, რომელსაც ბატონი ნიკო რედაქტორობდა, უფრო მრავალგვერდიანი, ყველაზე დიდი ნომერი აღმოჩნდა.
თუ ჟურნალის პირველი ნომერი  300 ცალი გამოვიდა, მესამე ნომრის ტირაჟმა 1500-სს მიაღწია.
კრებულს სხვადასხვა ნომრის რედაქტორები ჰყავდა, მაგრამ ლევან გოთუა მაინც ყველა ნომრის სარედაქციო საქმიანობას ეწეოდა, მასალებზე  ბევრს მუშაობდა, გარეკანზეც კი ბატონი ლევანი ფიქრობდა.
პირველი ნომრის გარეკანი ლადო  გუდიაშვილმა მოხატა.  შინ ვესტუმრე… შეშის ღუმელი ედგათ, მახსოვს მეუღლე, როგორი თბილი ხალხი იყო, გამორჩეული სტუმართმოყვარე დახვედრა იცოდნენ. ამ ჟურნალით დიდებული საქმე კეთდებაო, დიდი მონდომებით და სიხარულით აკეთებდნენ, რა თაობა იყო, ბედნიერი ვიყავი, რომ მათ ვემსახურებოდი, ტრადიციულად საზოგადოების თავმჯდომარე იყო მთავარი რედაქტორიც. და ჟურნალს მორიგე რედაქტორი სხვა ჰყავდა. ეთნოგრაფიული ნომერს გიორგი ჩიტაია რედაქტორობდა, არქეოლოგიურს – ოთარ ლორთქიფანიძე….
„ძეგლის მეგობარი“  უფასოდ რიგდებოდა. ხელმომწერებთან სახლში დაგვქონდა. სია გვქონდა, რომელ ორგანიზაცოებს ჰქონდათ გამოწერილი. მანქანა გვემსახურებოდა დასარიგებლად. 72 კაპიკი ღირდა, უხელფასოდ მუშაობდა ყველა, ოღონდ მიეწოდებინათ ხალხისთვის.
– ნიკო კეცხოველი ახსენეთ…
– ნომრის რედაქტორობის დროს, მახსოვს, ძერჟინსკიდან ფეხით ავედი ბოტანიკის ინსტიტუტში, მასალებით, ბატონ ნიკოსთან… ვერ მოვიაზრე, რომ ის გზა გრძელ და  საშიშ გზად ითვლებოდა…  რომ დამინახა, გაოცდა, – რითი მოხვედიო? – მაშინვე მკითხა. ფეხით-მეთქი, რომ ვუთხარი, გაბრაზდა, მაშინვე დარეკა ძეგლთა დაცვაში,  როგორ გამოუშვით ამ გზაზე ეს პატარა გოგოო. ერთი დანჯღრეული ვილისი ჰყავდა, ახლა რომ დაქრიან ძვირფასი მანქანებით –  ჯიპებით, – იმ  ვილისით წამომიყვანა მძღოლმა.
– საბიბლიოთეკო საქმე დაამთავრეთ…
– პუშკინის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი  დავამთავრე. 1964 წელს დავიწყე ძეგლთა დაცვის საზოგადოებაში  მუშაობა, დაარსდა ჟურნალი და იმავე წელს მოვეწყვე ინსტიტუტში. არსად ჩემი გვარი არ წერია და არც მინდოდა. მიმაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ღირსი არ ვიყავი, ასეთი დიდებული ადამიანების გვერდით ვყოფილიყავი.
– როგორ დაგამახსოვრდათ იოსებ ნონეშვილი?
– ძალიან თბილად… ჯერ სტენოგრაფიულ ტექნიკუმში ვსწავლობდი, მერე ინსტიტუტში განვაგრძე სწავლა. მასწავლიდა იმ დროისთვის ძალიან ცნობილი ექიმი და სტენოგრაფი ეთერ ბაგრატიონი.  ქალბატონ ეთერს სთხოვეს, ვინმე ხომ არ არის, მწერალთა კავშირში დროებით მოგვიყვანოთო.
ასე წამიყვანა ჩემმა პედაგოგმა, ასე მოხდა პირველი შეხვედრა ბატონ იოსებთან. ბატონი იოსები მესაუბრა… გამომკითხა ოჯახზე, სახლი არ მქონდა, მამა ომში დამეღუპა…  გულთან მიიტანა ჩემი პრობლემები.
დამსვეს საბეჭდ მანქანასთან,  ბრმად ბეჭდვა ვიცოდი. არ ვუყურებდი კლავიატურას. ძალიან მოვეწონე, რა კარგად ბეჭდავო…   ისე განვიცადე მაშინ, სიხარულისგან ვტიროდი. თეიმურაზ ჯანგულაშვილის უთბილესი შეხვედრაც მახსოვს.
შემდეგ, ძეგლთა დაცვის საზოგადოებაში გადასვლისას, დამეხმარნენ კოტე სოხაძე, ივანე შაიშმელაშვილი, გიორგი ყურაშვილი. რაიკომთან გამიწიეს რეკომენდაცია, რომ ობლისთვის პატარა ოთახი მოეცათ. ერთი ციცქნა 8 კვ.მ ოთახი მართლაც მომცეს ავლაბარში. მათ  ძალიან ვემადლიერები…
დროებითი ბინა იყო, მაგრამ კარგა ხანს ვცხოვრობდი. მოგვიანებით, როგორც ომში დაღუპულის შვილს, მომცეს ვაზისუბანში ბინა.
– 35 წელი მუშაობდით ჟურნალის რედაქციაში…
– 1964 წლიდან 1999 წლამდე ვიყავი იქ. ახლა ისევ ძეგლთა დაცვაში ვარ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტად ვმუშაობ. აქტიურად ვმონაწილეობ საგამომცემლო საქმიანობაში. ზედმეტად მაბარია ბიბლიოთეკა, ვპატრონობ, სახლიდან მოვიტანე წიგნები. ოჯახი არ მაქვს და მინდა, ჩემი წიგნები ბიბლიოთეკას დარჩეს. „ძეგლის მეგობრის“ ყველა ნომერი არის თაროზე, კომპიუტერშიც დასკანერებულს ვინახავ.
ჩემთვის „ძეგლის მეგობარი“ იყო ყველაფერი. ჩემი ცხოვრების „ოქროს ხანა“ იყო. იოსებ ნონეშვილმა ჩემი გაჭირვება რომ მოისმინა, მითხრა, მეც მიჭირდა, მუშაობა რომ დავიწყე, მცირე ხელფასი მქონდა. ბინის ქირას ვერ ვიხდიდი. სამსახურში მტოვებდნენ, გასაშლელი საწოლი მომცეს და დიდი ბედნიერება იყო, რომ მესწავლა და თან ქირა არ გადამეხადაო. გულს ნუ გაიტეხ, ყველაფერი კარგად იქნებაო.
მართლაც ისე მოხდა, მწერალთა კავშირში მოვიდა ლევან გოთუა. მომკიდა ხელი და მითხრა, ასე არ დაგტოვებთ, თქვენი პატრონი ვიქნებიო, წამომიყვანა ძეგლთა დაცვაში, დაარსდა ჟურნალი, პირველი ნომრიდან ვმუშაობდი იქ, ჩემი გვარი არსად ეწერა, არც მაინტერესებდა, ისეთ ხალხს ვემსახურებოდი, მთავარია, რომ დიდი ეროვნული საქმე გაკეთდა.

 თამარ შაიშმელაშვილი

 

ავტორის ფოტოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები