კონსტანტინე გამსახურდია: ნიჩაბზე უარესია ასფიქსია

ნიჩაბზე უარესია ასფიქსია, – აცხადებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, კონსტანტინე გამსახურიდია და იური მეჩითოვის “ალ ჯაზირასთან” მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მან 9 აპრილის შესახებ ისაუბრა.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მას აღნიშნული ინტერვიუ არ მოუსმენია, თუმცა, თავად 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს იხსენებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“არ მისმენია “ალ ჯაზირასთვის” და გადმოცემით ვიცი, რა თქვა იური მეჩითოვმა, ოღონდ ერთს ვიტყვი: “ჭყლეტით” ადამიანების გარდაცვალების თეორიას იმ დღეებში ამტკიცებდნენ ყველაზე ტლუ, ყველაზე ყეყეჩი სალაგები და სალდაფონები, როდიონოვის ყაიდის. თვით სსრკ-ს პარლამენტის დეპუტატის, ანატოლი სობჩაკის არათავისუფალი კომისიის, არათავისუფალი დასკვნაც კი ახსენებს დაჩეხილ ადამიანებს, გაგუდულებსაც და გამოთქვამს მოსაზრებას ცრემლსადენი გაზის სასიკვდილო კონცენტრაციაზე, ან ნალექიანი ამინდის გავლენით მისი ეფექტურობის გაზრდაზე. ასფიქსიაო? ამ დროს ნიჩაბზე უარესია ასფიქსია.
ასფიქსია არის შედეგი იმ მომწამვლელი უცნობი ნივთიერების, რომელიც ალბათ, ცრემლსადენ “ჩერიომუხასთან” ერთად გამოიყენეს.
თვითმხილველებს ახსოვთ, აირწინაღებიანი ჯარისკაცები მოკიდებული ბალონებით, ხელში საფრქვევით, ასევე ბურთებით, რომლებიც სკდებოდნენ და შიგთავსი წამიერად ქროლდებოდა.
მისი ღრმად შესუნთქვა ძალიან ცუდად დასრულდა არაერთისთვის!
სავარაუდოდ, ეს იყო იმის მონათესავე, ოღონდ უფრო სუსტი კონცენტრაციით, რაც GRU-ელებმა სკრიპალების წინააღმდეგ მოსინჯეს სოლსბერიში.
მაშინ თბილისში ჩამოვიდა აკადემიკოსი სახაროვი, რომელიც დიდხანს ცდილობდა სამხედროებისთვის ეთქმევინებინა ამ უცნობი ნივთიერების ფორმულა, მაგრამ ვერაფერი გააწყო – ცოცხალი თავით არ თქვეს და მონოტონურად იმეორებდნენ ცრემლსადენი გაზის დასახელებებს, CS და CN.
სხვათა შორის, აშშ-ში გაქცეული აგენტის, ვინმე მირზოიანის ჩვენებით, რომელიც FBI-ს მისცა, საბჭოთა KGB-ს 80-იანი წლების დასაწყისიდან ქონია ლაბორატორია, სადაც ამზადებდნენ ასეთ მომწამვლელ შენაერთებს.
დენ ქუეილი, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, უფროსი ბუშის ადმინში, პირველი დასავლელი პოლიტიკოსი იყო, ვინც ახსენა ადამიანების დაწამვლის თემა 9 აპრილის მიტინგზე.
არიან აქციის მონაწილეები, ვისაც ნარჩენი მოვლენები დღესაც აღენიშნებათ. აბა რომელი “ცრემლსადენი გაზი” ტოვებს ასეთ ნარჩენ მოვლენებს? … 9 აპრილის ღამეს კი დაიწყო ახალი ისტორიული ეპოქა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში”, – აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ “ალ ჯაზირასთან” ინტერვიუში ფოტოგრაფმა იუირი მეჩითოვმა, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრა.
The Soviet Scar – ასე ეწოდება რამდენიმე დღის წინ „ალ ჯაზირას“ ეთერში, 9 აპრილის შესახებ გასულ ფილმს.
ფილმი ინტერნეტში, ჯერჯერობით, არ დევს, თუმცა, მან სკანდალი უკვე გამოიწვია, ცნობილი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის კომენტარის გამო.
სიუჟეტში მეჩითოვი ამბობს, რომ 9 აპრილს არავინ მოუკლავთ, რომ ხალხი უჰაერობის შედეგად დაიხრჩო.
ამ ინფორმაციას ცნობილი ფოტოგრაფი დღესაც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ 9 აპრილთან დაკავშირებით იგივე კომენტარი სხვადასხვა დროს, არაერთხელ გაუკეთებია, თუმცა მისმა ინფორმაციამ ხმაური მხოლოდ ახლა გამოიწვია. ფოტოგრაფს უკვირს, რატომ აკრიტიკებენ ადამიანები.
„ეს ხალხი, ვინც ამ სიბინძურეებს წერს, მეტწილად დაბადებულიც არ იყო, როცა მე ეს ტრაგედია გულში გავატარე და ახლაც განვიცდი. რაზე მედავებიან, ვერ გავიგე. რა ვქნა, რომ მე ცოტა მეტი ვიცი იმის ირგვლივ, რაც მოხდა და არაერთხელ მითქვამს საჯაროდ ტელევიზიებით. ახლა რა დაეტაკა ერთად „რუსთავი-2“- ის ერთგულ მაყურებელს? არა გრცხვენიათ?“, – წერს სოციალურ ქსელში იური მეჩითოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები