კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში ქალაქ ფოთის 3 ყველაზე აქტიური ეკოკლუბის მონაწილეობით, ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, ღონისძიებაზე, ქალაქის აქტიური ეკოკლუბების მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს. ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სამომავლოდ დაგეგმილი გარემოსდაცვითი ღონისძიებები და განიხილეს ეკოკლუბების ჩართულობის შესაძლებლობა.
აქტიური მოსწავლეები დაცული ტერიტორიების სააგენტომ პალიასტომის ტბაზე უფასო ტურით დააჯილდოვა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში პანტონით გაისეირნეს და რელიქტურ კოლხურ ტყეებში გავრცელებულ მცენარეთა სახეობებს ადგილზე გაეცნენ.
ეკოკლუბის წევრები პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ფრინველებსაც დააკვირდნენ. თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს ფრინველების აღრიცხვის მეთოდიკა და ფრინველების იდენტიფიცირება, ორნითოლოგიური მოწყობილობებისა და ფრინველთა სარკვევი წიგნების საშუალებით. ეკოკლუბები აქტიურად ითანამშრომლებენ ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან და სამომავლო ეკოაქტივობებს ერთობლივად დაგეგმავენ.