Forbes: ვაშინგტონში, არჩევნების გამო სახელმწიფო უწყებების გარშემო რკინის ჯებირებს დგამენ
აშშ -ში, საპრეზიდენტო არჩევნების გამო, თეთრ სახლთან, ფინანსთა სამინისტროსთან, ვიცე-პრეზიდენტის ვაშინგტონის რეზიდენციასთან და კაპიტოლიუმთან, რკინის ჯებირები აღმართეს, – ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამთავრობო შენობების გარშემო აღმართულია იმ სიმაღლის რკინის ჯებირები, რომელზეც აძრომა შეუძლებელი იქნება.
ასევე, ხელისუფლებამ რკინის ჯებირები აღმართა ჰოვარდის უნივერსიტეტის გარშემო, სადაც არჩევნების ღამეს საარჩევნო შტაბი იქნება და ჰარისი პირველადი შედეგების გამოქვეყნებას დააკვირდება.
პოლიციამ უნივერსიტეტის გარშემო განლაგებული ქუჩებიც გადაკეტა. არეულობის მოლოდინში, საკუთარი ფანჯრები ჩარაზეს კერძო ბიზნესის მფლობელებმა და მაღაზიებმა.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, რკინის ჯებირები დამონტაჟდება ფლორიდაში, უესტ ფალმ ბიჩში, სადაც „რესპუბლიკელების“ კანდიდატი დონალდ ტრამპი საარჩევნო შტაბის წევრებთან ერთად შედეგების გამოცხადებას დაელოდება.
კოლუმბიის ოლქის პოლიციის განცხადებით, მათ მოსალოდნელი არეულობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა წინასწარ ზომებს თავის დაზღვევის მიზნით იღებენ.