ევერესტის დაპყრობა: ტრიუმფი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალზე

1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს.  ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს გახლდათ ამბიციების, გამძლეობისა და გუნდური მუშაობის ისტორია, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა.

მთა ევერესტი, რომელიც ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე მდებარეობს, დიდხანს ითვლებოდა ადამიანთა ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად. ადრეული მკვლევრები და მთამსვლელები მის მწვერვალზე ასვლას მიზნად  ჯერ კიდევ 1920-იან წლებში ისახავდნენ. ბრიტანელმა მთამსვლელებმა, ჯორჯ მელორიმ და ენდრიუ ირვინმა, 1924 წელს ცადეს კიდეც, მაგრამ გაუჩინარდნენ. მანამდე მელორიმ საინტერესოდ უპასუხა კითხვას, თუ რატომ სურდა ევერესტზე ასვლა: — „იმიტომ, რომ ის იქ არის“.

მთამსვლელების შემდგომმა გაუჩინარებამ ევერესტს მისტიკა შემატა. არც იმაზე წყდებოდა დებატები, მოახერხეს თუ არა გაუჩინარებულებმა მწვერვალამდე მისვლა.

1950-იანი წლების დასაწყისისთვის ევერესტის დაპყრობის მრავალი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. სიტუაცია პოლიტიკურმა ლანდშაფტმაც შეცვალა — ტიბეტის ოკუპაციამ 1950 წელს ჩრდილოეთის მარშრუტი გადაკეტა, რითაც ნეპალის გავლით, სამხრეთიდან წასვლა ერთადერთ სიცოცხლისუნარიან ვარიანტად აქცია.

1953 წლის ბრიტანულ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი ჯონ ჰანტი, რომელმაც ზედმიწევნით დაგეგმა მისია. ედმუნდ ჰილარი, გამოცდილი მთამსვლელი იყო, ნორგეი კი — მთის უბადლო მცოდნე. ამიტომ მოხვდნენ ისინი ძირითადი გუნდის შემადგენლობაში. ნორგეის მანამდე ევერესტზე ასვლის 6 მცდელობა ჰქონდა.

ევერესტზე ასვლა მრავალ სასიკვდილო გამოწვევას მოიცავს. ჟანგბადის დაბალი დონე, სასტიკი ამინდის პირობები და სახიფათო რელიეფი ადამიანის სხეულს ყველაზე დიდ გამოცდას უწყობს. გზა სავსეა ყინულითა და ნაპრალებით. 7900 მეტრის სიმაღლეზე ზემოთ მთამსვლელები ე.წ. „სიკვდილის ზონას“ აწყდებიან – ტერიტორიას, სადაც ჟანგბადის დონე იმდენად დაბალია, რომ ადამიანის ორგანიზმი, დამატებითი ჟანგბადის გარეშე, გამართულად ვეღარ ფუნქციონირებს.

28 მაისს ჰილარი და ნორგეი ბოლო ბანაკიდან გაემგზავრნენ. პირობები მკაცრი იყო, მაგრამ ისინი სვლას აგრძელებდნენ. მწვერვალთან ახლოს ჰილარის ყინულში საფეხურების გაჭრა მოუწია, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც “ჰილარის ნაბიჯი”. 1953 წლის 29 მაისის დილით, 11:30 საათზე ორი მამაკაცი დედამიწის უმაღლეს წერტილზე დადგა.

ჰილარიმ და ნორგეიმ სულ რაღაც 15 წუთი გაატარეს მწვერვალზე. გადაიღეს ფოტოები, დაამაგრეს დიდი ბრიტანეთის დროშა და დატოვეს „სუვენირები“: ჰილარიმ — ჯვარი, ხოლო ნორგეიმ — ტკბილეული. შემდეგ დაღლილები ქვემოთ, მთაზე დაბრუნდნენ.

წარმატების შესახებ ცნობამ ლონდონში 1953 წლის 2 ივნისს, დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციის დროს მიაღწია, რამაც ბრიტანეთში ზეიმს ზეიმი დაუმატა. ჰილარი და ჰანტი რაინდად აკურთხეს, ნორგეი კი, გმირად აღიარეს ნეპალში და მთელ მსოფლიოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები