დაიბადა თბილისში. ხატავდა ბავშვობიდან... ხუთი წელია, რაც ფართო საზოგადოებრიობამ, ინტერნეტ გალერეების და არტ აუქციონის მეშვეობით, გაიცნო მისი შემოქმედება.
ორი პერსონალური და ჯგუფური გამოფენების ავტორია. ხატავს აქტიურად... მისი ნამუშევრები შეძენილია და ინახება კერძო კოლექციებში – როგორც საქართველოში, ასევე – ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, რუსეთში…
შეასრულა 5 წიგნის ილუსტრაცია. ერთ-ერთმა კრებულმა, ქალბატონ თამარ ჩაჩიბაიას ავტორობით, კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
არის ვოკალის განხრით ჯაზორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი, მხატვართა კავშირის წევრი. – მხატვრისა და მუსიკოსის, ქეთი ოძელაშვილის პერსონა.
– ჩემი მშობლები ხელოვნებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. მამა მხატვარი და რესტავრატორი იყო… ასევე – წარმატებული სპორტსმენი… საცხენოსნო სპორტში… არც დედა იყო ხელოვნებისგან შორს. კარგად წერდა, ჰქონდა არაერთი პროზაული ნაწარმოები. დედამ დიდი შრომა ჩადო ჩემს განათლებასა და შემოქმედებით განვითარებაში.
– ხატავდით ბავშვობიდან… მუსიკის სიყვარული ბავშვობიდან მოდის?
– კი, 6 წლიდან ვსწავლობდი ნიჭიერთა ათწლედში… ვმღეროდი სასახლეში, ციცინო ციცქიშვილის კლასში… არაერთხელ ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში და ვიყავი ოქროს მედლის მფლობელი. ხშირად გამოვდიოდი სატელევიზიო გადაცემებში.
– ხუთი წელია, ფართო საზოგადოებამ გაიცნო თქვენი შემოქმედება ინტერნეტით და არტაუქციონების მეშვეობით... ბავშვობის შემდეგ როგორ დაუბრუნდით ხატვას? პირველი ნახატები?
– ბავშვობაში ხატვა ჰობი იყო… ვხატავდი მაშინ, როცა განწყობა მქონდა. რაც შეეხება პროფესიონალურად ხატვას, გვიან დავიწყე… და მალევე, 2019 წელს, ოჯახის წევრების თხოვნით და თანადგომით, პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა…
– თქვენი ნამუშევრები ფერით მეტყველია. ხასიათებს და ექსპრესიას გემოვნებით შეხამებული ფერები გადმოსცემს. როგორ მუშაობთ ნახატზე?
– ხატვის პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა… ამ დროს სრულიად ვწყდები სამყაროს. დროის შეგრძნება მეკარგება…
– შთაგონება…
– ხშირ შემთხვევაში, ზუსტად ვიცი, რაც უნდა დავხატო, ზოგჯერ კი, მჭირდება ემოცია და შთაგონება, რომ ახალი ტილო შეიქმნას.
– საინტერესო ამბავი…
– შეკვეთა, რომელიც რამდენიმე საათში უნდა გადამეცა დამკვეთისთვის, ჩემმა შვილიშვილმა თავისი გემოვნებით გადამიკეთა, დამიჩხაპნა… და თითქმის თავიდან მომიწია დახატვა!!!
– ბალერინები, ცხენები, ყვავილები, პეიზაჟები… ნატურმორტები…
– დიახ, ვეხები სხვადასხვა თემატიკას, მაგრამ სხეულზე მუშაობა მეტად მიყვარს, რადგან დინამიკა კარგად იგრძნობა.
– სიცილიიდან „ოსკარით“ ხელდამშვენებული დაბრუნდით….
– სიცილიიდან საოცარი შთაბეჭდილებებით სავსე ჩამოვედი. ქალაქ მონტეროსო – ალმოში, კოკუცას სასახლეში გაიმართა გამოფენა, სადაც ქართველი მხატვრების ნამუშევრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ერთი ჩემი ნამუშევარი შეიძინა იტალიელმა გალერისტმა.
– თქვენი ნამუშევრები შეძენილია და ინახება კერძო კოლექციებში – როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში – გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, რუსეთში…რა განცდაა, როდესაც სულის ნაწილს ყიდულობენ?
– ჩემს ნამუშევრებს ჩემი გულის ნაწილი და ემოცია მიჰყვება, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან სასიამოვნოა, როცა ნახატს იძენენ.
– ხატვის პარალელურად ჯაზორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი ხართ ვოკალის განხრით… როგორ ახერხებთ ყველა საქმეს?
– ხატვაც და მუსიკაც ჩემი სული ნაწილია. ამიტომ ვცდილობ, შევუთავსო ერთმანეთს…
– და მაინც, მუსიკოსი უფრო ხართ თუ მხატვარი?
– როგორც ვთქვი, ორივე პროფესია ჩემთვის ძვირფასია…
– აქტიურად ხატავთ… უახლოეს მომავალში თუ ემზადებით გამოფენისთვის?
– ვხატავ ყოველდღიურ რეჟიმში… მაქვს რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება… დეკემბერში გამოფენაც იგეგმება…
– ოჯახი…
– მადლობა ჩემს დიდ ოჯახს თანადგომისთვის… ისინი ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებლები არიან.
თამარ შაიშმელაშვილი