“2013 წელს ტრამპმა მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო” – სააკაშვილი პოსტს აქვეყნებს

“2013 წელს, უკვე პრეზიდენტობის შემდეგ, ნიუ იორკში ვიყავი, როცა მაიკლ კოენმა დამირეკა და მითხრა, შენთან დონალდს სურს დალაპარაკებაო და გადასცა მას ყურმილი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მკითხა, სად ხარო. ვუთხარი, რომ ნიუ იორკში ვიყავი, თუ გინდა – მესტუმრე-მეთქი. დამპირდა, რომ გამომივლიდა უილიამსბურგში, თანაც მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე: ხომ იცი ამის შესახებ ჩემი აზრი, ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო.

ცოტა იხტიბარგატეხილმა მიპასუხა: – რა ვიცი, ჩემ გარშემო არავის არ სჯერა, რომ მაქვს შანსები. გავამხნევე, არ დაუჯერო-მეთქი. და მერე მაიკლს გადაულაპარაკა, ხომ ხედავ, ხომ გეუბნებოდი, მიშაც ამბობს, რომ მაქვს შანსებიო”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები