შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხები საქართველოში იხარჯება ფარულად, რა მავნე ზეგავლენა აქვს ამ ფარულ ფულს ყველა ვხედავთ, როდესაც აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ რადიკალი პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან
“ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხები საქართველოში იხარჯება ფარულად, თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს ამ ფარულ ფულს, ამას ყველა ვხედავთ, როდესაც აღმოვაჩენთ ხოლმე შემდეგ, რომ რადიკალი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი „გამჭვირვალობის კანონის” გაუქმებას.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონი ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულების შესაბამისად მიღებული კანონია.
„რაც შეეხება „გამჭვირვალობის კანონს“, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულების შესაბამისად მიღებული კანონი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თანხები, რომელიც იხარჯება საჯარო წყაროებიდან და განსაკუთრებით თანხები, რომელიც იხარჯება უცხოეთიდან სხვა ქვეყანაში, უნდა იყოს გამჭვირვალე. წერტილი. ეს არის ევროპული ღირებულება. გამოვიდეს და ვინმემ თქვას, რომ სხვა ქვეყანაში ფულის ხარჯვის გაუმჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება და ძალიან მაინტერესებს ვინ იტყვის ამას, რომ ფულის გაუმჭვირვალობა ყოფილა თურმე ევროპული ღირებულება.
ჩვენ გარშემო გვივლიან სხვადასხვა არაპირდაპირი შემოვლითი არგუმენტებით. პირდაპირ თქვან, ფულის გაუმჭვირვალე ხარჯვა საქართველოში არის თუ არა ეს ევროპული ღირებულება და კონკრეტულად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხები საქართველოში იხარჯება ფარულად. მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ფარულად ხარჯავს საქართველოში ფულს, მათ შორის პოლიტიკაში და ეს არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი. კითხვა არის მარტივი, აპირებს თუ არა ევროკავშირი მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ ღირებულებებს და გაასაჯაროოს საკუთარი ბიუჯეტიდან მიმართული ხარჯები საქართველოში. აპირებს თუ არა მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ პრინციპებს და იყოს გამჭვირვალე მისი ფინანსები საქართველოში. ეს გვაინტერესებს და ამაზე გვინდა ჯერ პასუხი ევროპელი სხვადასხვა ჩინოსნებისგან.
სირცხვილიც არის 21-ე საუკუნეში, გვიმტკიცებენ, რომ უნდა იყოს ფარული ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში. თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს ამ ფარულ ფულს, ამას ყველა ვხედავთ, როდესაც აღმოვაჩენთ ხოლმე შემდეგ, რომ რადიკალი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.