„თეატრი რომ არ იყოს, ალბათ მართლა არ ვიქნებოდი ქვეყანაზე“ –  ფუფალა,  რომელიც ყველას უყვარს

ვინ არის ქალბატონი, რომლის „ფუფალაც“ ასე უყვართ და ხშირად იღებენ ფოტოებს მასთან ერთად?  რატომ ეძახიან მას ნამდვილ ფუფალას“? – მსახიობ ნათელა დიღმელაშვილის პერსონა.

 – საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში გავიზარდე. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, მსახიობობაზე ვოცნებობდი.
მამას მეგობრები დამაყენებდნენ ხოლმე სკამზე, მათქმევინებდნენ ლექსს, მამღერებდნენ. წინანდელმა კაცებმა ასე იცოდნენ, უნდა გაეთამამებინათ ბავშვი და ცოტა ფულსაც მაძლევდნენ, მადლობას ვუხდი უფალს ბოძებული ნიჭისთვის. სკოლაში 6 წლისა მივედი, დედა არც კი გამომყოლია, ისეთი თამამი ვიყავი.
მარიამ ღვთისმშობლის ეკლესიაში მაშინ კლუბი და სცენა იყო მოწყობილი და ფილმები გადიოდა. ძალიან მჭევრმეტყველი ვიყავი. ქართულის მასწავლებელმა ლექსში „კოწო და კუწო“ მე და ჩემს კლასელს როლები მოგვცა და გვათამაშა. მაშინ იმ სცენაზე ვეზიარე პირველ როლს. იქიდან მოვყვები და მაინც მივაღწიე ამ ბედნიერებას, მსახიობობა რომ ჰქვია.
იმ მასწავლებელმა, ერთხელაც გაგვიყვანა ბუნებაში, პატარა ამაღლებულ ადგილზე და გამოგვიცხადა: ნათელა თვითონ ავა ახლა აქ და ჩაგვიტარებს სპექტაკლსო. ბიჭები უცებ გაიქცნენ, ყვავილები დაკრიფეს, ბუჩქების ტოტებზე დაალაგეს და ისე მომიტანეს.
პირველი ყვავილები იყო…
– სკოლის დასრულების შემდეგ…
– სკოლის დასრულების შემდეგ სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში ჩავაბარე. თეატრალურში მინდოდა, მაგრამ მაშინ ცუდ ტონად ითვლებოდა მსახიობობა და ოჯახშიც წინააღმდეგობა შემხვდა. შესანიშნავი პროფესორები გვასწავლიდნენ. ჩვენი თეატრალური ჯგუფი გამოირჩეოდა.
მე და  ავთო გულიაშვილი, მომავალი მეუღლე, გივი კაბულაშვილიც ერთად ვსწავლობდით…. იმდენად მაგრები ვიყავით, პედაგოგებიც ისეთი მაგრები გვყავდნენ, სახელი მალე გავითქვით. ყოველ დილას რადიოში ჩემი და ავთოს ხმები ისმოდა… ფოტოებიც საპატიო დაფაზე იყო გამოკრული. წითელ დიპლომზე დავამთავრეთ თეატრალური განყოფილება.
ის წლები არ დამავიწყდება. მთელი საქართველო შემოვიარეთ. 1975 წელს, ხუთოსნები ტურისტული მატარებლით გაგვგზავნეს სოხუმში, რომელიც ახლა ჩვენი ტკივილია და. მე როდის დავადგი ფეხი იქ…
იქიდან პატარა გემით ახალ ათონში ვიმოგზაურეთ, უმშვენიერესი  ადგილებია, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ძვირფასი მოგონებებია.
სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჩემს რაიონში დავბრუნდი და ხელგაშლილიც მიმიღეს. იმ პერიოდში კულტსაგანმანათლებლო ფაკულტეტიც დავამთავრე.
1977 წლიდან ვარ საგარეჯოს სახალხო თეატრის მსახიობი. ასევე საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებულ  საბავშვო თეატრში ბავშვებს ვზრდი. ვდგამთ სპექტაკლებს. საბავშვო თეატრში 4 სპექტაკლი დავდგი, საახალწლოდ „თოვლის გუნდაზე“ ვმუშაობ.
– ძალიან პოპულარულია თქვენი ფუფალა…
– ფუფალას საინტერესო ისტორია აქვს. კი ვთამაშობდი „ნატვრის ხეში“, რომელიც ჩვენთან დაიდგა, მაგრამ სხვა როლში. ერთხელაც, გოგლაობა ტარდებოდა და ფუფალას როლის შემსრულებელ მსახიობს მეუღლე გარდაეცვალა.  მითხრეს, შენ უნდა ითამაშოო. არა-მეთქი, ძალიან მრცხვენია სოფიკო ჭიაურელის, ასევე ჩვენი მსახიობის, ნანული ბილანიშვილის-მეთქი. მაინც მომიწია თამაში.
ასე აღმოვჩნდი გოგლას ნამდვილი ფუფალა.
– ნამდვილი?
– ნამდვილს იმიტომ მეძახიან, რომ ზუსტად გოგლას ენით ვლაპარაკობ წიგნიდან. ტექსტი და იმპროვიზაცია არ არის შეცვლილი. ეს ადამიანებს ძალიან ვუყვარვარ ფუფალა. მე მგონი, საქართველოში არსად არ არის  ასეთი ფუფალა. მე შემოვრჩი.
ყველგან გამოვდივარ, ვისაც სჭირდება ფუფალა. ეს როლი ხელიდან ხელში სატარებელი ფუფალა გახდა. ახლახან თელავის ჭაჭის ფესტივალზე საგარეჯომ ნატვრის ხე  დადგა და იქვე ფუფალაც ვიყავი. სხვა რაიონებს არ ჰქონდათ სცენური წარმოდგენა. ეს სცენა იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, უამრავი ადამიანი იღებდა ფოტოებს. ისედაც ბევრი იღებს ხოლმე ფოტოებს ჩემთან, მაგრამ სასწაული მოახდინა თელავში.
საინტერესოა „კუკარაჩაში“ მართას როლი…
– „კუკარაჩა“ ჩვენთან ნუნუ მდივნიშვილმა დადგა. ერთ მშვენიერ დღეს მომცეს ანიკოს როლი. დავიწყე როლზე მუშაობა, მაგრამ სანამ საბოლოოდ ეს გადაწყდებოდა, რეპეტიციაზე მომიწია მართას როლის თამაში. რეჟისორმა სცენაზე ნახა ჩემი გამოსვლა, მოეწონა და მითხრა, არავითარი ანიკო, შენ იქნები მართაო.
მერე ჩვენ ფესტივალებზე წარმატებით გამოვდიოდით ამ სპექტაკლით… ერთ დღესაც მსახიობის სახლში ფესტივალზე ვართ და ძალიან ცეცხლოვანი მართას როლით შევდივარ სცენაზე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ  გიგა ლორთქიფანიძემ ჩემს რეჟისორს უთხრა, ამოიყვანეთ მაღლა მართა, ეს არის სპექტაკლის გასაღებიო. როგორიც იყო ჩემი მართას ტემპი, ასე წარმატებით წავიდა ეს სპექტაკლი.
ვთამაშობდი სპექტაკლებში – „სისტემა“, „ოჯახური იდილია“, „სამს პლუს ორი“…
– ლექსებს, ჩანახატებს წერთ…
– ჩემს ბავშვობაში, შვილების დაბადების დღეები დედას კარადის კარებზე ეწერა. დის, ძმის, დაბოლოს, ჩემი დაბადების დღე მოჩანდა – 1949 წლის 17 ნოემბერი. როცა წამოვიზარდე, მერე გავითავისე, რამდენად მნიშვნელოვან დღეს დაემთხვა ჩემი დაბადება –  17 ნოემბერი ხომ გალაკტიონის დაბადების დღეა…
და ჩვევად მექცა, ყოველ წელიწადს გალაკტიონს ვუწერო ლექსი… როგორც მილოცვა.

„ჭყვიშში წვიმებმა ღამე დანისლეს,
და ოქროსფერად დილა გათენდა…
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი
და  მთელი ღამე ცის ვარსკვლავი
დილას უთევდა“.

რამდენიმე ლექსი გალაკტიონის მუზეუმსაც გავუგზავნე, ჭყვიშს შარშან დავუწერე… ახლაც ახლოვდება 17 ნოემბერი, მაგრამ სევდიანი ვარ, და გარდამეცვალა, ძმა მძიმე ავადმყოფობით წევს საავადმყოფოში…. როგორ მოვა მუზა, არ ვიცი…
– ფუფალაზე ლექსი გაქვთ?
– ფუფალაზე არ დამიწერია, მაგრამ სოფიკოზე დავწერე. ლექსებს არ ვაქვეყნებ და ფეისბუქზე დავდე… ძალიან მიყვარს სოფიკო ჭიაურელი. ოცნებად მაქვს, ოდესმე, მისი საიუბილეო საღამოს დროს, მივიდე ფიქრის გორაზე,იმ სახლში… და ვერ წავედი ჯერ…
მას ასზე მეტ კინოფილმში შეასრულა როლები.  დაუვიწყარია მისი ,,ფუფალა“. ნათელი დაადგეს დიდი ხელოვანის სულს! სოფიკო ქართული თეტრისა და კინოს ვარსკვლავი იყო…

„ფიქრის გორაზე დაიბადა ერთი გოგონა,
ნაზი, ლამაზი, გაზაფხულის მახარობელა,
ირმის ნახტომის აქვს წარბები, ხოლო თვალები,
გეგონებოდათ, ანათებსო ცის მნათობელა.
ფიქრის გორაზე ცხოვრობს გოგონა“…
– ახლახან „ჩემი ცოლის დაქალებში“ გადაგიღეს…
– „ჩემი ცოლის დაქალებში“ საგარეჯოელი ქალის როლში  გადამიღეს. ამ ზაფხულს კი -მოკლემეტრაჟიან ფილმში „მეხდაკრულები“…
ორი შვილი გყავთ…
– უცნაურ  ისტორიას გეტყვით – ისეთი რამ გავაკეთე, ჩემი ცხოვრების ნაწილი უნდა ყოფილიყო. მე შვილი  არ მეყოლა და ორი ტყუპი ბიჭი გავზარდე… ახლა 27 წლისანი არიან. ამ 27 წლის მანძილზე ცოტა შორს ვიყავი ხელოვნებისგან, მაგრამ ესეც ხომ დიდი საქმე იყო…
რა არის თეატრი თქვენთვის?..
– თეატრი რომ არ იყოს, აქამდე ცოცხალი არ ვიქნებოდი. ცუდადაც რომ ვიყო, კულისებში შესვლისას ყველაფერი  მაშინვე ქრება. ჯერ სცენაზე ავდივარ, კულისებს ვეფერები. მერე სკამებს ვესალმები…
თეატრი რომ არ იყოს, ალბათ მართლა არ ვიქნებოდი ქვეყანაზე, იმდენი ტრაგიკული დღეა ჩემი თანამდევი…
ეს ლექსიც საშემოდგომო განწყობისათვის:
„შემოდგომაა საგარეჯოში,
ყველას გპატიჟებთ,
ზეცა სიმღერის და სიმდიდრის
ფერებს არიგებს…
შემოიარეთ, ნახეთ ჩვენი დიდი ბარაქა,
რქაწითელი დაჯდა თამადად…
შემოიარეთ,
დაგვილოცეთ ოჯახის ჭერი
და მიდღეგრძელეთ წყვილად წყვილი
აკვნების მთლელი,
შემოიარეთ, ადღეგრძელეთ გარეჯის მთები,
ცივგომბორიდან აფრენილი მშვიდობის მტრედი“…

ამ ლამაზ შემოდგომას ბედნიერად და ჯანმრთელად შეხვდით!

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები