დმანისის, წალკის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ ტბეთში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში, რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება. საწარმოები 2019 წელს ამოქმედდება. თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძეს გადაამუშავებს.
“საწარმო აღიჭურვება სრული ციკლისათვის საჭირო დანადგარებით, როგორც ყველის დამზადებისათვის საჭირო აღჭურვილობით, ასევე რძის ჩამოსხმის ტექნოლოგიური ხაზით. აღსანიშნავია რომ საწარმოში შესაძლებელი იქნება ქართული და ევროპული ტიპის ყველის წარმოება.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოქმედ საწარმოში გადამუშავებული საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღოს გაზრდილი შემოსავალი”,- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მათივე ცნობით, პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით საწარმო 75%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა მეორე დონის იმ კოოპერატივს, რომელშიც გაერთიანებულ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან თითოეულს ყავს არანაკლებ 200 ფური. 25% გადახდას კოოპერატივი 8 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში წლის ბოლოს დასრულდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტის, დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოებას უზრუნველყოფს.