“სიცრუეა, რომ ვინმემ რაიმე ინფორმაცია გააქრო და ეს შემიძლია დავადასტურო”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა.
ის გავრცელებულ მოსაზრებას გამოეხმაურა, თითქოს, ცესკოს ვებგვერდიდან ინფორმაცია ქრება.
“თუ ხდება რაიმე ინფორმაციის განახლება, მათ შორის, შემაჯამებელ ოქმებს ეხება თუ სხვა ტიპის დოკუმენტაციას, რომელშიც ცვლილება შევიდა ეს სხვა საკითხია და თუ რაიმე ახლდება ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია ქრება. მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ როდესაც გენდერული სტატისტიკის მიხედვით ხორციელდება ასეთი ტიპის შედარებების გაკეთება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გასარკვევია თუ რამდენად შეიცავდა ინფორმაციას სპეცსიებში არსებული გენდერული ნიშნით დათვლილი ამომრჩევლების, იმ სხვა კომპონენტების შესახებ, რომლებიც ზოგადად ამ პროცესში აუცილებელია, რომ დათვლილი იყოს. ან ასევე, რა გარემოებებს ეფუძნება ეს შეფასებები. დღეს, მთელი დღის განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორებთან გვქონდა შეხვედრები და მე ამ სიახლეს არ ვიცნობ. შესაბამისად, მოკლებული ვარ იმ შესაძლებლობას, რომ კონკრეტული პასუხი გითხრათ კონკრეტულ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.