„ხატმწერისთვის შთაგონებაც და მთავარი იარაღიც – სულიერი სიმშვიდე და ლოცვაა“…  

 

თბილისში დაიბადა. 2004 წელს თბილისის ილია მართლის სახელობის გიმნაზია დაამთავრა.მავე წელს  თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე, ხატწერის სპეციალობით ჩააბარა.
2009 წლიდან ხატწერას მისდევს. პარალელურად, ვორონცოვის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სამრელო სკოლაში ასწავლი ხატწერას. ამბობს, რომ ხატმწერისვის შთაგონებაც და მთავარი იარაღი სულიერი სიმშვიდე და ლოცვაა.

– ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ცეკვა, 5 წლიდან, სტუდენტობამდე, დავდიოდი ცეკვაზე და რამდენიმე წელი – თეატრალურ სტუდიაში. ცეკვის სიყვარულით იყო სავსე ბავშვობის წლები.
თბილისის ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში სწავლობდით. შემდეგ – თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე, ხატწერის სპეციალობით... რატომ აირჩიეთ ხატწერა?
– ვფიქრობდი, ამ მიმართულებით წავიდოდი. სკოლის ბოლო წლებში გავიგე  იმ ინსტიტუტის არსებობა, სადაც ისწავლებოდა ხატწერა, რამაც ძალიან დამაინტერესა. ჩემთვის ეს სპეციალობა უცხო იყო. ხატვა მიყვარდა და მეხერხებოდა კიდეც, თუმცა ამ მიმართულებით არანაირი სკოლა არ გამივლია. სწორედ ამ დიდი ინტერესის და ხატვის სიყვარულის გამო გადავწყვიტე ხატწერის ფაკულტეტზე ჩაბარება.
– პირველი ნამუშევრები…
ჩემი პირველი ნამუშევარი იყო ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პირველ კურსზე დავწერე. მართალია ტექნიკურად გამართული არ იყო, მაგრამ ყველაზე მეტი მოკრძალებითა და მოწიწებით სწორედ ეს პირველი ხატი დაიწერა. ჩემში ეს დიდი აღმოჩენა იყო.
– ალბათ ძალიან მორწმუნე იყო, ხატი რომ დაწერო…
– რა თქმა უნდა, სასურველია ღვთის დიდი რწმენის შედეგად დაიწეროს და შეიქმნას ყოველი ხატი, თუმცაღა მე ვერ ვიტყოდი საკუთარ თავზე იგივეს, ეს უფრო ღვთისკენ სავალ საფეხურებს ჰგავს. მე ვთვლი, რომ ღვთის წყალობა და ხატმწერის დაუღალავი შრომაა საჭირო შედეგის მისაღწევად. ხატმწერისთვის შთაგონებაც და მთავარი იარაღიც სულიერი სიმშვიდე და ლოცვაა.
– თამარ მეფე… – სევდა, სიმშვიდე, სიმკაცრე, ლმობიერება….
– თამარ მეფის ხატი პირველად დავწერე ჩემი დისთვის, თამარისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ხატის შექმნამდე მაქვს რამე სათქმელი. ხატი უპირველესად ლოცვისკენ მომწოდებელი უნდა იყოს მლოცველისთვის და თუ დასრულებულ ხატში ეს იგრძნობა, ვთვლი, რომ შედეგი მიღწეულია.
– თქვენი ხატები უწმინდესთან ინახება…
– ინსტიტუტის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად განვაგრძე მუშაობა. ვიღებდი შეკვეთებს და სწორედ ერთ-ერთი შემკვეთის თხოვნით დაიწერა წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი.
ჩემი დაწერილი ხატებიდან მიჭირს რომელიმეზე განსაკუთრებით ლაპარაკი, არა იმიტომ, რომ ყველა მაღალი დონის ნამუშევარია, არამედ – ყველასთან თავისებური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ შეიძლება გამოვყო წმ.ნიკოლოზისა და წმ.სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი, რომელიც გადაეცა ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს. ეს ორი დიდი მღვდელმთავარი დიდი შემწე და მეოხია პირადად ჩემთვის. ხშირად მიგრძვნია მათი შემწეობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
– რომელ ეკლესიებშია თქვენი ნამუშევრები?
– ჩემი ნამუშევრები საქართველოს სხვადასხვა ტაძარში, უმეტესად, თბილისის ეკლესიებშია, რამდენიმე კი – საზღვრებს გარეთ.
2012 წლიდან დღემდე  პეაგოგიურ საქმიანობას ეწევით. ვორონცოვის წმ. ნიკოლოზის ტაძრის სამრელო სკოლაში ასწავლი ხატწერას...
– პედაგოგიურ მოღვაწეობას შევუდექი მას შემდეგ, რაც ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ მომცა კურთხევა, მესწავლებინა ხატწერა მსურველთათვის. ხატწერის შესწავლის მსურველები სხვადასხვა ასაკის პირები არიან.
ქვაზეც მუშაობთ
– ამ ზაფხულს პირველად ვცადე ქვის მოხატვა და სულ რამდენიმე ნამუშევარი შევქმენი. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია…
– სამომავლო გეგმები…
– ამჟამად ვმუშაობ წმ.იოანე ნათისმცემლის ხატზე, რომელიც განკუთვნილია ხონის ეპარქიისთვის. მომავალშიც ვაპირებ ჩემი საქმიანობის აქტიურად გაგრძელებას.

 

 თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები