თამარ ჩუგოშვილი: ვინც საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანას შეეცდება, მათ მიმართ სრული სიმკაცრე იქნება გამოყენებული

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს. მისივე თქმით, ვინც შეეცდება, რომ საარჩევნო პროცესში არეულობა შეიტანოს, მათ მიმართ სრული სიმკაცრე იქნება გამოყენებული.
„ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს არჩევნების პირველ ტურში, თუმცა კენჭისყრის დღის დასრულებამდე, დარჩენილია სამი საათი და ბუნებრივია, რომ საბოლოო შედეგი არის დამოკიდებული მთლიანად სრულიად ამომრჩევლის აქტიურობაზე, ამიტომ მოვუწოდებთ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ გამოცხადებულან არჩევნებზე, მოვიდნენ და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.
არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპონენტები გეგმავენ დღის მეორე ნახევარში გარკვეულწილად, ვითარების დაძაბვას. გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში ხდება პირების მობილიზება, რათა საარჩევნო პროცესში გარკვეული დაძაბულობა შეიტანონ.
მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სწორედ ამ ოლქებს, რომლებიც ჩვენ დავასახელეთ. ასევე, ვაფრთხილებთ ყველას, ვისაც აქვს განზრახვა დაძაბულობის ან კანონდარღვევის შეტანის, რომ მათ მიმართ კანონი იქნება გამოყენებული სრული სიმკაცრით, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს უბნის ჩაშლის მცდელობა თუ ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევის მცდელობა, ამიტომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები