თეონა გოგნიაშვილი: ყველაზე პირველ ქართულ, არა მარტო მოლაპარაკე, მოაზროვნე საქართველოს რადიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

,,კარგი ამბავი გაიგე: ყველაზე პირველ ქართულ, არა მარტო მოლაპარაკე, მოაზროვნე, საქართველოს რადიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!!!”,- ამის შესახებ ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

გოგნიაშვილი მიიჩნევს, რომ მედიაში მუშაობა რადიოდან უნდა დაიწყო.

,,23 მაისს 100 წლის ხდება და ამ ასაკთან შედარებით, მგონი, არა უშავს, გამოვიყურებით!
ჩვენ, „წარმოშობით“ რადიო ჟურნალისტებმა, კარგად ვიცით, რომ თუ გინდა რესპონდენტებთან ურთიერთობა ისწავლო, მედიაში მუშაობა რადიოდან უნდა დაიწყო. აქ ვერ იპოზიორებ, საკუთარ შეცდომას ან სისულელეს ვიზუალური კადრით ვერ გადაფარავ. მარტო ხარ მსმენელის პირისპირ. რადგან ადამიანს ხმაში ეტყობა ის, რაც სახეზე არ აწერია, ტყუილის თქმის დროს ეთერში ინტონაცია „ჩაგიშვებს“. გამოდის, რომ რადიომ ყველანაირი განწყობის ხმით გადმოცემა და ადამიანების ხმით ამოცნობაც მასწავლა. იმ გადაცემებიდან ეთერში ბევრი კარგი სიტყვა და ამბავი უბრალოდ ჰაერში „გავისროლე“, ამიტომ უნიკალური, დაუგუგლავი სიუჟეტების გაშიფვრა ჩემს მომავალ წიგნში “ცხოვრება, როგორც კინო – მარტოობის ასი მეგაბაიტი” იმ ძველი ამბების გადარჩენის მცდელობაც არის. .ჟურნალისტის პროფესიის წყალობით ურთიერთობა მქონდა ბევრ გამორჩეულ ადამიანთან, ვისთანაც შემთხვევით შეხვედრაც კი პატივი და ბედნიერებაა, იშვიათი ისტორიების თანამონაწილეც გავხდი. იმ დროს როდესაც ინტერნეტი არ იყო, ქუჩის საძიებო „გუგლით“, ანუ ეზო-ეზო ვპოულობდი და ვწერდი გაქრობის პირას მისული პროფესიის ხალხს, ან მათ, ვინც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასეთი ადამიანების საქმესა და სიტყვაზე იდგა და დღემდეც დგას ჩვენი ქალაქი და ისიც, სრულიად უნიკალური თბილისური ურთიერთობები რომ ჰქვია…
–რამდენიმე წლის წინ, უნივერსიტეტმა გამოსცა წიგნი საქართველოს რადიოზე, სადაც ჩემი საავტორო გადაცემებიც ნახსენებია, თქვენი მონა მორჩილიც და არა ერთხელ! მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წიგნზე მუშაობდა..
–გილოცავთ 23 მაისს ჩემიანებს, რადიოს ხალხს, რა ბედნიერებაა, რომ თავის დროზე ჟურნალისტობა იქ დავიწყეთ და პატივი გვერგო, რომ იმ იშვიათი კოლექტივის ნაწილი ვყოფილიყავით!
….ეს სიტყვები რამდენჯერ დამსიზმრებია: ეთერში იყო საქართველოს რადიო! მიკროფონთან ვიყავი მე! ბედნიერ დღეს გისურვებთ”,- წერს თეონა გოგნიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები