თამარ ჩუგოშვილი: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს პირველ ტურში

“ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს არჩევნების პირველ ტურში”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ ოპონენტები დღის მეორე ნახევარში ვითარების დაძაბვას გეგმავენ.
“ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი – ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს არჩევნების პირველ ტურში, თუმცა კენჭისყრის დასრულებამდე, დარჩენილია სამი საათი და ბუნებრივია, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე, ამიტომ მოვუწოდებთ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ გამოცხადებულან საარჩევნო უბნებთან, მივიდნენ, ხმა მისცენ და დააფიქსირონ თავიანთი ნება. არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე.  თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპონენტები გეგმავენ დღის მეორე ნახევარში, გარკვეულწილად, ვითარების დაძაბვას. უბნების ნაწილზე უკვე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ. გავიმეორებ, ესენია ბოლნისის 27-ე, მე-40, 43-ე და 54-ე უბნები. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში ხდება პირების მობილიზება იმისთვის, რომ გარკვეული დაძაბულობა იქნეს შეტანილი საარჩევნო პროცესში.
მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჩვენ მიერ დასახელებულ ოლქებს, ასევე, ვაფრთხილებთ ყველას, ვისაც პროცესში დაძაბულობის ან კანონდარღვევის შეტანის რაიმე განზრახვა აქვს, რომ მათ მიმართ კანონი გამოყენებული იქნება სრული სიმკაცრით, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს უბნის ჩაშლის თუ ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევის მცდელობა, ამიტომ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
დეპუტატი “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ჟენევაში მისულ ამომრჩეველს უბანი  დახურული დახვდა.
“ეს არის სიცრუე, ეს არის არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან შვეიცარიაში ერთადერთი უბანი არის ბერნში და ჟენევაში საერთოდ არ არის საარჩევნო უბანი. მოვუწოდებთ მედიას, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, განზრახ ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას, რადგან ეს არის ძალიან მარტივად გადამოწმებადი არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჟენევაში საარჩევნო უბანი საერთოდ არ არის და შესაბამისად, ის დახურული ვერ დახვდებოდა ვერავის”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები