გიორგი კვირიკაშვილი: პატიოსნად ვიმსახურე, სადაც ვიმსახურე, სამწუხაროდ, პოლიტიკამ გადასანსლა ყველაფერი
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნებში ხმა საბურთალოზე, 24-ე უბანზე, ოჯახთან ერთად მისცა.
„ხმა მივეცი კანდიდატს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ნაკარნახევი პასუხისმგებლობის გრძნობით, საქართველოს მომავლის წინაშე. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანია არჩევანი, რომელსაც მოსახლეობა გააკეთებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს და ძალიან საინტერესო საქმე აქვს. კვირიკაშვილი “რუსთავი 2 -ის” გუშინდელ სიუჟეტსაც გამოეხმაურა, სადაც არაგვის ხეობაში, სოფელ ქვეშეთში მის საცხოვრებელ სახლზე იყო საუბარი. კვირიკაშვილის განმარტებით, სახლის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა, მოგვიანებით კი მოხდა სახლის ე.წ. ლეგალიზაციის სამართლებრივი პროცესი.
„სამწუხაროა, რომ არ იქნა ჩემგან ინფორმაცია გამოთხოვილი ან გადამოწმებული. ჟურნალისტმა იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ 2016 წლის საჯარო რეესტრის ჩანაწერით. არადა, უფრო მეტი რომ მოეკვლია, მინიმუმ მაინც უნდა ენახა ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2012 წლიდან ივსება და 2012 წელსაც მაქვს აღნიშნული, რომ იქ იყო არა მხოლოდ მიწის ნაკვეთი, არამედ სახლიც. მინიშნებულია, რომ 250 კვადრატული მეტრი იყო სახლი.
პატიოსნად ვიმსახურე, სადაც ვიმსახურე. სამწუხაროდ, პოლიტიკამ გადასანსლა ყველაფერი საქართველოში და არ დატოვა არც ერთი ამოსუნთქვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეპორტაჟი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე იყოს გარკვეული და მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არ გამდიდრებულა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მედიით გავრცელებულ ინფორმაციათან დაკავშირებით გუშინ განცხადებაც გაავრცელა.