დავით ზალკალიანმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მინისტრმა ხმა ვაკის მე-2 ოლქის №16 საარჩევნო უბანზე მისცა.
დავით ზალკალიანის განმარტებით, მან ხმა საქართველოს ევროპულ არჩევანს, დემოკრატიულ განვითარებასა და სტაბილურობას მისცა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტის პირდაპირი წესით ბოლო არჩევნების დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.
„ჩვენ ყველა პირობა შევქმენით გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, ჩვენი უწყების მიერ მოპატიჟებული არიან ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალი დონის საერთაშორისო დამკვირვებლები და მისიები, მათ შორის, უმთავრესი სადამკვირვებლო ორგანიზაციები – ეუთო, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭო, აგრეთვე, სხვადასხვა საერთაშორისო და საპარლამენტო დელეგაციები”,- აღნიშნა მინისტრმა.
დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე არჩევნებსაც ისეთი დადებითი და მაღალი შეფასებები ექნება, როგორიც წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა დაიმსახურეს.
„აქვე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს 39 ქვეყანაში გახსნილია 56 საარჩევნო უბანი და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან საკონსულო აღრიცხვაზე, საშუალება აქვთ, გააკეთონ თავისი არჩევანი”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები