ცესკო: თუშეთში, უამინდობის გამო, პოსტზე მყოფი მესაზღვრეებიდან მხოლოდ 4 შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას

“ახმეტის ოლქში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. თუშეთში, გადასატან საარჩევნო ყუთში რეგისტრირებულია 28 ამომრჩეველი, კერძოდ სხვადასხვა პოსტზე მყოფი მესაზღვრეები”, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.
მისივე განმარტებით, 28 ამომრჩევლიდან, 4 შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო დანარჩენებთან, უამინდობის და დაკეტილი გზების გამო, ვერ მოხერხდება გადასატანი ყუთის მიტანა.
ცნობისათვის, საქართველოში დღეს 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოს პრეზიდენტს დღეს ამომრჩეველი 25 კანდიდატიდან აირჩევს.
ცესკო-მ პრეზიდენტობის 46 მსურველიდან 25 დაარეგისტრირა – 2 ქალი და 23 კაცი (სია) აქედან , 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 – საინიციატივო ჯგუფის მიერ.
ცესკო-ს ინფორმაციით, სულ გახსნილია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის, 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში, იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც უკვე ჩატარდა კენჭისყრა და აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.
28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად, იმართება თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში, რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებულია 8 კანდიდატი (4 თერჯოლაში, 4 სამტრედიაში). საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებს მხოლოდ 6 საარჩევნო უბანზე, გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.
საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედიაორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედიაორგანიზაციაა. 28 ოქტომბერს, 20:00 სთ–ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე, ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე www.results.cec.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები