“10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6,15% შეადგინა”

“10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6,15% შეადგინა”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მისვე ინფორმაციით, დილის 10:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა რაოდენობრივად  215 329 ამომრჩეველს შეადგენს.
„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას, კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6.15% ( 215 329 ამომრჩეველი)“,  – განაცხადა ანა მიქელაძემ
ცესკოს პრესსპიკერმა მედიას ასევე, გააცნო ინფორმაცია მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ:
„ქობულეთის №32-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებში ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო ნომერი არ ჩანდა მკაფიოდ. ამასთან დაკავშირებით, შედგა აქტი, ხოლო ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, უბანზე დამატებით გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ;
მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე, კომისიის წევრებმა შენიშნეს, რომ ყუთი იყო გაბზარული. მოხდა გაბზარული ყუთის ახლით ჩანაცვლება და ამ ეტაპზე, ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს;
დაიწერა რამდენიმე საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ფოთში. საარჩევნო ადმინისტრაცია, კანონმდებლობის ფარგლებში, შეისწავლის და მოახდენს რეაგირებას ამ ფაქტებზე. მათგან ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი ფაქტია დადასტურებული. ამჟამად აღნიშნულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს;
ცესკოში ასევე, შემოვიდა ინფორმაცია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია „აპრიორიდან“ და წარმომადგენელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში. აღნიშნული დაფიქსირდა ნაძალადევის N49-ე უბანზე. ორივე მათგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი;
ბოლნისის და ლანჩხუთის რამდენიმე საარჩევნო უბნის კარებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს კამერის დამონტაჟების სურვილი. ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეოგადაღების წესის შესახებ და ფოტო-ვიდეოგადაღება უზრუნველყოფილია კენჭისყრის შენობაში, შესაბამისი წესით“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩათი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები