„განსაცდელი ღვთის სასჯელი არ არის“… – როგორ დაიბადა მეორედ ია ნანეიშვილი  

სამეგრელოში, ხობის რიონში გაიზარდა. მხატვრული კითხვა და სცენაზე დგომა სკოლამ შეაყვარა… წერაც ადრეულ ასაკში დაიწყო…   პროფესიის არჩევანიც ამან განაპირობა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარ... პირველი ლექსი მე-5 კლასში დაწერა.
პირველი კრებული  – ნაბიჯნაბიჯ თქვენთან ერთად ვივლი მაშინ გამოიცა, როდესაც  ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა… ლექსით ებრძოდა მძიმე სენს… ყველა იმ განცდას, რაც სულში იყო, სტრიქონებს ანდობდა… მალე მისმა ლექსებმა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ამჟამად წიგნს წერს ვერაგ დაავადებაზე, რომელსაც სიმსივნე ჰქვია, მალე ლექსების მეორე კრებულიც გამოვა … – პოეტისა და ჟურნალისტის, ია ნანეიშვილის პერსონა.

– დავიბადე სამეგრელოში. კერძოდ, ხობის რაიონში. საჯიჯაოში განვლო ჩემი ბავშვობის ულამაზესმა წლებმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თაობის ბავშვებს მოგვიწია ცხოვრება მძიმე პოლიტიკურ რეალობაში, ვგულისხმობ აფხაზეთის ომს, რომელიც განსაკუთრებით იგრძნობოდა სამეგრელოში, მაინც ლამაზი, ფერადი და საინტერესო ბავშვობა მქონდა…
მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ ბედნიერი და ლაღი ბავშვობა რომ მქონოდა.
მამა – თენგიზი ნანეიშვილი, პროფესიით ინჟინერია. მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ის საუკეთესო მამაა მთელს დედამიწაზე! ჩემი მესაიდუმლე, ყველაზე დიდი მეგობარი და გულშემატკივარი!.
დედა – ლეილა ხარბედია-ნანეიშვილი, ეკონომისტია. დედა ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ეს იგრძნობა კიდეც ჩემს შემოქმედებაში. საზოგადოებამ, ჩემმა ერთგულმა მკითხველმა, სწორედ დედა-შვილობის თემატიკაზე შექმნილი ლექსებით შემიყვარა…
 სკოლის პერიოდი
– სკოლამ უდიდესი საბაზისო ცოდნა, დიდი ძალა მომცა, ცხოვრების რთულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. უნივერსიტეტიდან ბევრჯერ მიუღიათ მადლობის წერილები ჩემს მასწავლებლებს… ეს იყო საოცარი, დაუვიწყარი წლები, მყავდა საუკეთესო პედაგოგები, არაჩვეულებრივი კლასელები, ჩვენ არ ვიცოდით ერთმანეთისადმი შური და ბოღმა რას ნიშნავდა… უდიდესი სიყვარული გვაკავშირებდა ერთმანეთთან. ვიყავი აქტიური და წარმატებული მოსწავლე.კონცერტებზე წამყვანი, ვცეკვავდი, ვმღეროდი… მხატვრული კითხვა და სცენაზე დგომა სკოლამ შემაყვარა… სკოლა წარჩინებით დავამთავრე.
რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობა?
– სკოლის პერიოდში ჩემი ლექსები და ჩანახატები იბეჭდებოდა გაზეთ „ცოტნეიდელში”, ჟურნალ „ჯეჯილში“. მიყვარდა წერა, რამაც განაპირობა შემდგომში პროფესიის არჩევანიც და ლოგიკურია, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტიც წითელ დიპლომზე დავამთავრე…
პირველი ლექსები.
– წერა ადრეულ ასაკში დავიწყე. მეხუთე კლასში დავწერე პირველი ლექსი – ლეკვზე, რომელიც ძალიან მიყვარდა…
ნაბიჯნაბიჯ თქვენთან ერთად ვივლი“ – თქვენი კრებულის წარდგენა თბილისის ბავშვთა სურათების გალერეაში გაიმართა...
–  ჩემი პირველი კრებული გამოიცა, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ურთულესი ეტაპი იდგა. შარშან ზაფხულში დამიდგინდა მწვავე პრომიელოციტური ლეიკემია. ვიკეთებდი ქიმიოთერაპიას… ნათქვამია, განსაცდელის ჟამს უფალი ანგელოზებს ადამიანების სახით გვიგზავნისო და ეს სიმართლეა…
გამოჩნდა ასეთი ქალბატონი ჩემს ცხოვრებაში – ნინო გულუა, ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯის“ დამფუძნებელი, რომლის დიდი ძალისხმევით, ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით, მერის მოადგილის, ქ-ნ.სოფიო ხუნწარიას უანგარო სიკეთით გამოიცა ჩემი კრებული.
კრებულის წარდგენა მოხდა უთბილეს და ულამაზეს გარემოში,.ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, შსს. უსაყვარლესი ბავშვები, რომლებმაც წაიკითხეს ჩემი ლექსები, დამაფასეს ჩემმა უერთგულესმა მეგობრებმა და თავიანთი სტუმრობით გამახარეს, ქალბატონი სანათა ოჩიაური, თურქეთიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდა….
უბედნიერესი  ვიყავი ამ დღეს, დამაჯილდოვეს „ქართული სიტყვის ოსტატის” წოდებით, რაც დიდი წარმატება და სიხარული იყო ჩემთვის.
ჩემი სათქმელი იყო ის, რომ რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდეს ადამიანი,ხელი არ უნდა ჩაიქნიოს, ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს. სიცოცხლე მშვენიერია, დავაფასოთ ყოველი წამი და ვიბრძოლოთ ნათელი, მზიანი, სიკეთითა და სიმშვიდით სავსე ცხოვრებისათვის. ბნელ ღამეს ყოველთვის მოსდევს ნათელი დღე და განსაცდელიც აუცილებლად შეიცვლება სიხარულითა და ლხენით… უფლისგან არასოდეს გაიწირება ადამიანი, ჩვენ თუ არ შევაქცევთ უფალს ზურგს. რწმენას ყველაფერი შეუძლია, უდიდესი სასწაულების მოხდენაც კი!
თქვენი ლექსები პუბლიცისტურია, ჩვენს ყოველდღიურ პრობლემებზეარომელ ლექსებს გამოყოფდით, რომლებსაც დაწერის რაიმე კონკრეტული ისტორია აქვს?
– მართალს ბრძანებთ, ჩემს ლექსებში იგრძნობა ჟურნალიტის ხელი, პუბლიცისტური ხედვა, პროფესიის გავლენაა… ყოველდღიური პრობლემების, ყველაზე მტკივნეული საკითხების წინა პლანზე წამოწევა… მაგალითად, ლექსი: „ჩემს შვილს არ შეეხოთ”- დაიწერა იმ აქციების ფონზე, რომელიც იმართებოდა პარლამენტის შენობის წინ. ეს იყო სოლიდარობა შვილმოკლული მშობლებისადმი.
„არა!“ – უსამართლობას!.. და მოთხოვნა სიმართლის დასადგენად!.. სამართალის აღსადგენად!..ეს იყო ჩემი სულის გამოძახილი, რომლითაც, როგორც აღმოჩნდა, ათასობით ადამიანის სათქმელი ითქვა. მსგავსი ხასიათის მრავალი პუბლიცისტური ლექსია ჩემს შემოქმედებაში.
რა გჭირდებათ შთაგონებისთვის?
– წერისათვის განსაკუთრებული გარემოს შექმნა არ მჭირდება.მთავარია, მქონდეს მყუდრო გარემო, სიმშვიდე და სიჩუმე, რომ ვიფიქრო…ფინჯანი ყავა, თეთრი ფუცლი და კალამი,სრულიად საკმარისია ჩემი კომფორტისთვის.
– ლექსი „დედის ლოცვა“ სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს….
– ამ ლექსმა სოციალურ ქსელში ხალხის დიდი სიყვარული მოიპოვა. მას „დედის ლოცვა“ დაარქვა მკითხველმა. ერთ-ერთ გვერდზე 41 000-ზე მეტი გაზიარება აქვს…

დედის ლოცვა

ჩემი შვილების კარგად ყოფნით მამყოფე კარგად,
ჩემი შვილების სიხარულით მახარე, ღმერთო.
ჩემი შვილების იმედისთვის მაქციე წამლად,
ჩემი შვილების თვალებში რომ სიცოცხლე ენთოს.
მომეცი ნება, საკვალავი გავკვალო გზები
და რომ მისია აღვასრულო ამ ქვეყნად დედის.
მომეცი ძალა, სიყვარული ვასწავლო ღმერთის,
გამაზრდევინე მადლიერი შვილები ბედის…
მზე დაანახე, უმზეობა არიდე, ღმერთო,
ცვარი მიეცი, უდაბნოში აღმოჩნდნენ თუკი,
ჯვარი მიეცი, წმინდა ნინოს ნაქონი ერთ დროს,
გთხოვ, ცა მიეცი, ნათელი დღე, წყალობის შუქი.
შენ დამილოცე ჩემი გულის ორი ნაწილი
და ჩემი თვალის ნათლისფერი ორი სინათლე,
ფერისცვალება ჩემი სულის მათ ორ სხეულში…
მათი გონება სიკეთით და რწმენით მინათე…
ბოროტება და სიავე გთხოვ არიდე ღმერთო,
რომ მხოლოდ უფლის რწმენა ჰქონდეთ უცოდველ გულში.
გთხოვ, არ დაუშვა, რომ ცხოვრების გზა გაიმრუდონ,
შენს ჩრდილში გყავდეს და სიკეთე უმრავლე სულში.
თუ საჭიროა, მე მაწვნიე ყველა სიძნელე,
ოღონდ მათ არა,მათი გზები ღიმილით მორთე.
რადგან ჩემს მხრებსაც მოუწიათ ბევრის ატანა,
ბევრსაც დავითმენ, ცხოვრებაა ყველაფრის მოწმე.
ვიცი, რომ გესმის, დამილოცე შვილები, ღმერთო
და ყველა დედას, ვისაც ახალ სიცოცხლეს აძლევ…
დაე, ჩემს შვილებს შენმიერი მცნებებით ევლოთ,
მე როგორც დედა, მათ ზრუნვაში სიცოცხლეს გავლევ…

ჩემი შვილების კარგად ყოფნით მამყოფე კარგად,
ჩემი შვილების სიხარულით მახარე, ღმერთო.
ჩემი შვილების იმედისთვის მაქციე წამლად,
ჩემი შვილების თვალებში რომ სიცოცხლე ენთოს!..

განსაცდელი შემთხვევით არ მოდის? როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი განსაცდელს?
– განსაცდელი შემთხვევით არ მოდის. უბრალოდ, ადამიანი არ არის მზად განსაცდელთან შესახვედრად. ყოველი განსაცდელი რაღაცის სწავლებაა, მინიშნებაა, გაფრთხილებაა… განსაცდელს არ უნდა შევხედოთ, როგორც ღვთის სასჯელს, როგორც თავს დამტყდარ უბედურებას.ოპტიმიზმი, სულიერი სიმტკიცე და ღვთის რწმენა სასწაულებს ახდენს. სანამ ადამიანი ცოცხალია – მას აქვს შანსი, იბრძოლოს და გადაარჩინოს საკუთარი სიცოცხლე! მე ვთვლი, რომ ვარ მეორედ დაბადებული ადამიანი… ყველაფერს აქვს  დადებითი მხარე. ჩემში ბევრი რამ  გადაფასდა… შეფასდა… ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე… ცხოვრებაზე არასოდეს არ უნდა ვთქვათ აუგი, არ ვიწუწუნოთ, პირიქით, გავიღიმოთ და დავაფასოთ ის, რაც გვაქვს.
ბევრი რამ გიწერიათ სიყვარულზე, პროზაულიც და პოეტურიცროგორ ფიქრობთ, რა არის სიყვარული?
– ჩემთვის სიყვარული არ არის მხოლოდ სიტყვა „მიყვარხარ“…სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება. სიყვარული სიტყვებზე ბევრად მეტია. ეს სულის მდგომარეობაა.თავგანწირვაა…სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერების დანაახვაა…მისი გაბედნიერების სურვილია…საყვარელი ადამიანის მხარზე თავის ჩამოდებაა… მის თვალებში დანახული საკუთარი ღმერთის ხატებაა…ნეტარებაა… გაღიმებაა… მოფერებაა… ცრემლია… სასიამოვნო ტანჯვაა… დაცვაა ყოველგვარი ხიფათისაგან…სიხარულია, მისი აღმოჩენისა და შეგრძნების სიხარული… სიყვარული მსხვერპლის გაღებაა… დათმობაზე წასვლაა… ნახვის სურვილია… მაგნიტია, რომელიც გიზიდავს და არსად გიშვებს…თვალების შემოფეთებაა და, საერთოდ, უსასრულობაა სიყვარული!..
 რას ვერ აპატიებდით ადამიანს?
– ძნელია ღალატის პატიება, ძალიან ძნელი!..
სად მუშაობთ? როგორია თქვენი ერთი დღე?
– ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვისვენებ…თუმცა, ბევრს ვწერ და ორ წიგნზე ვმუშაობ…
თქვენი ლექსები პოპულარულია სოციალურ ქსელში. ხშირად გიწერენ ასე  – „ცხოვრების ტკივილებს ლექსებით გადმოსცემს, ყველას სათქმელს ამბობს, უფალმა დაგლოცოს იაკოულამაზესი ლექსების ავტორი“.
მაინც თქვენი აზრით, რით მოიპოვა ასეთი პოპულარობა თქვენმა ლექსებმა? ალბათ პირადში მესიჯებიც მოგდითვის დაეხმარა თქვენი ლექსი?
– ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ლექსებს ათასობით ადამიანის სიყვარული ხვდა წილად. გულახდილობით, გულწრფელობით, მართალი ლექსების წერით მოპოვებული სიყვარული და სითბოა ჩემი სიხარული და სიამაყე… ის პატივისცემა, დაფასება, რომელიც მკითხველისაგან მოდის, ყველა ჯილდოზე და წოდებაზე უპირატესია. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ჩემი ლექსებით გამიცნო, შემიყვარა და თავისად მიმიღო… ბევრჯერ ბედნიერებისგან მიტირია, იმდენად უსაზღვროა მკითხველისგან წამოსული დადებითი ენერგეტიკა, მათი სიყვარული და მზე, რომელიც ჩემთვის ანთია მათ გულებში.ყოფილა შემთხვევები, როდესაც „მოუპარავთ” ჩემი ლექსები… „მიუსაკუთრებიათ”…სოციალური ქსელი იმდენად დიდია, რომ აქ ვერ გააკონტროლებ მსგავს საკითხს…სამწუხაროდ, საავტორო უფლებები არ არის დაცული და საკუთარი ლექსების, პროზაული ჩანაწერების დასაცავად „ბრძოლა“ გვიწევს. მაგრამ, ჩემი მეგობრები ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ: „მადლობა, რომ არსებობთ!”- რა გადაწონის ამ სიტყვებით გამოწვეულ ბედნიერებას?
უამრავი  შეტყობინება მომდის პირადში, სადაც ჩემი ლექსებისადმი სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავენ…ზოგი მწერს, რომ ჩემმა ლექსებმა შეაყვარა პოეზია…
„გული მწყდება ყველა წაუკითხავ ლექსზე”- გული გამითბო ამ კომენტარმა…უდიდესი მადლობა ყველა მათგანს, ჩემი მკითხველი – ჩემი სიმდიდრეა, ჩემი პოზიტივია და სტიმულია. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით…ხშირად მეუბნებიან, რომ საკუთარ ცხოვრებას კითხულობენ ჩემს ლექსებში და პოულობენ პასუგაუცემელ კითხვებზე პასუხს…ლექსებმა  ჩემ  გარშემო მრავალი ადამიანი შეკრიბა, ეს არის დიდი და საიმედო „არმია“, რომელსაც ურთიერთპატივისცემა და სიყვარული ჰყავს მთავარსარდლად.
სამომავლო გეგმები
– უახლოეს მომავალში გამოვა ჩემი მეორე კრებული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო კომპანია „ავერსის” დამფუძნებელს, ბ-ნ.პაატა კურტანიძეს ჩემი მეორე კრებულის გამოცემის დაფინანსებისთვის.
– წიგნს წერთ იმ ვერაგ დაავადებაზე, რომელსაც სიმსივნე ჰქვია…
–  ასევე ვწერ წიგნს, რომლის გამოცემასაც ზაფხულში ვგეგმავ. ეს ეხება იმ დაავადებასთან ბრძოლას, რომელთანაც მე მომიწია გამკლავება.სიმსივნე – არ არის განაჩენი! უფლის წყალობთ შესაძლებელია გამარჯვება. ვფიქრობ, ეს წიგნი იქნება სტიმული და იმედი იმ ადამიანებისათვის,რომლებიც მსგავს რეალობაში იმყოფებიან.
ჰობი
– ჩემი ჰობია წიგნების კითხვა…
რა არის თქვენთვის ლექსი?
– ლექსი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩემი სიცოცხლის გაგრძელებაა. ჩემი სულია… მესამე შვილია… ანტიდეპრესანტია… ტკივილის გაყუჩების საშუალებაა… ჩემი სიმშვიდეა… ყოველ ლექსში ვცოცხლდები და ვძლევ დაბრკოლებას… ლექსი – უფლის წყალობაა… ის ისეთივე აუცილებელია ჩემთვის, როგორც ჰაერი და წყალი.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები