უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მზია თოდუა შეასრულებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას კი გიორგი მიქაუტაძე

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ჩემთვის ეს განცხადება იყო სამწუხარო და მოულოდნელი. მინდა, ნინოს გვენეტაძეს ჯანმრთელობა ვუსურვო”,- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქაუტაძის თქმით, მასაა და ნინო გვენეტაძეს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ, თუმცა ბოლო დროს, მათი ხედვები დაახლოვდა. კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საბჭოს მხრიდან ზეწოლის საკითხს, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ მიმდინარე მოვლენები და სასამართლოს სისტემა პოლიტიკით დაიტვირთოს.
„ეს ნამდვილად არ არის ასე. იცით, საბჭოს სხდომებიდანაც, რომ გარკვეულ თემებზე გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ბოლო პერიოდში, ჩვენი ხედვები მაქსიმალურად დაახლოებული იყო. ჩვენ გადასული ვიყავით საქმიანობის კონსტრუქციულ რეჟიმში. ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებიც ამაზე მეტყველებს, რომ თითქმის ერთსულოვნად იყო საბჭო ყველა საკითხის მიმართ განწყობილი. ეს აგრეთვე, დადასტურდა სტრატეგიის შესრულების წლიური ანგარიშის მიხედვით და თუ არ ვცდები, თავმჯდომარემაც გააკეთა ამაზე კომენტარი”, – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.
რაც შეეხება პროცედურებს, მიქაუტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ნინო გვენეტაძის პირველი მოადგილე – მზია თოდუა შეასრულებს. მისი თქმით, ის სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეა და ამავდროულად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას, მოვალეობას ის ასრულებს.
რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას, ამ ფუნქციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი, გიორგი მიქაუტაძე შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები