გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა – ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს
სამების საპატრიარქო ტაძარში მიმდინარე ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, სადაც 142-ე პატრიარქს ირჩევენ, კენჭისყრის პროცესი დასრულდა. ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს.
ხმის მიცემის პროცესში 39 მღვდელმთავარი მონაწილეობდა.
კენჭისყრის შედეგს დღესვე ქიროტონიით უპირატესი ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისთვის, რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50%-ს +1 ხმა. ამ შემთხვევაში – 20 ხმა.შესაბამისად, თუ პატრიარქობის რომელიმე კანდიდატს 20 ხმა ექნება, მეორე ტური აღარ გაიმართება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში კენჭისყრა გაიმართება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის.
დღესვე ინტრონიზაციის თარიღი გამოცხადდება, რის შესახებაც გადაწყვეტილებას კრების მიერ არჩეული ახალი პატრიარქი მიიღებს.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.