გიორგი მარგველაშვილმა უვადო პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უვადო პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა. როგორც ქორიძემ აღნიშნა, უვადო პატიმარს პრეზიდენტმა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი დაუდგინა.
„გეტყვით, რომ უვადო მსჯავრდებულს ძალიან ბევრი აქვს მოხდილი. მისი საქმე არსებითად განიხილა კომისიამ, ის დებულებით დადგენილ ნორმას აკმაყოფილებდა და კომისიამ პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, რომ საპატიმრო დაწესებულებაში შემდგომი ყოფნისთვის გარკვეული ვადა დაედგინა. შემდგომ პრეზიდენტმა იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
შეგახსნებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი და 83 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების აქტით, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი 43 მსჯავრდებულს შეუმცირდა​, აქედან 2 ქალბატონს და 1 არასრულწლოვან მსჯავრდებულს. ამ 43 პირს შორის არის 1 უვადო მსჯავრდებული, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი დაუდგინა .
ცნობისთვის, შეწყალების საკითხთა კომისიამ 2018 წლის ივლისში სულ 976 პირის საქმე განიხილა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 17 აპრილს ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი იმ კონსულტაციების საფუძველზე გააუქმა, რომელიც პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან გამართა. პრეზიდენტმა მორატორიუმი 23 ივლისს მოხსნა და შეწყალების კომისიას საშუალება მიეცა, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შემცველი საქმეები განეხილა.
ზვიად ქორიძის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახი კახიშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრისას, გამოითქვა მზადყოფნა, შეწყალების კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლის შეყვანის თაობაზე, თუმცა, სამთავრობო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციალური სისტემის წარმომადგენლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები