ლევან დავითაშვილი: აბსურდია საუბარი, რომ უნიკალური დენდროლოგიური პარკის მოწყობის პროცესი ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზე

„საქართველოს უნიკალური დენდროლოგიური პარკი ექნება. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით, ჩვენს ქვეყანაში მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ფაქტობრივად, ბუნების ახალი ძეგლი იქმნება. უბრალოდ, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ასეთი უნიკალური ტერიტორიის მოწყობა ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენდეს გარემოზე“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.
„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სწორად აფასებს მოვლენებს და გარკვეული ნეგატივი ერთმნიშვნელოვნად, მართული პროცესია. აღნიშნული პროექტების განხორციელება სოციალური და ეკონომიკური ეფექტის მომტანია, რადგან პროცესებში ჩართულია კერძო კომპანიები, რომლებიც შესაძლებლობებს ზრდიან, ქვეყანაში შემოდის ისეთი სპეცტექნიკა, რომელიც მომავალში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩაერთვება. მრავალი მილიონი ლარი იხარჯება ფონდის მიერ იმისთვის, რომ საგზაო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მოეწყოს იმ ადგილებში, საიდანაც ხდება ხეების გადატანა. ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს იღებს მოსახლეობაც, რადგან ეს ხეები, ხშირ შემთხვევაში, კერძო საკუთრებაა.
სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს არ გააჩნია ფუფუნება, მნიშვნელოვანი რესურსი გამოყოს ისეთი პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა დენდროლოგიური პარკი, თანამედროვე საკონცერტო დარბაზი, უნიკალური სანაშენე მეურნეობა, აღდგენილი კულტურული მემკვიდრეობის ასობით ძეგლი. ბატონი ბიძინას მეცენატობით, ჩვენ გვაქვს ეს სიკეთეები. გახსოვთ, ალბათ, შეკვეთილში აშენებული საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაცემის ფაქტის შესახებაც აბსურდული ინფორმაცია ვრცელდებოდა. ამ შემთხვევაშიც, ადგილი ჰქონდა კეთილი საქმის დისკრედიტაციის მცდელობას. წარმოუდგენელია, ჩვენმა მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ დარბაზი ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს იმიტომ გადასცა, რომ მისი შენახვა ძვირი იყო. ეს, უბრალოდ, აბსურდია.
არ შემიძლია, არ ვახსენო ჯიღაურას მეურნეობა. ქართული ვაზის გენოფონდი ბატონმა ბიძინამ გადაარჩინა. ეს არის უნიკალური წყარო მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის. ჩვენი მოსახლობის დიდმა ნაწილმა და პრაქტიკულად, ყველა ფერმერმა კარგად იცის, რომ ჯიღაურას მეურნეობა აგრობიომრავალფეროვნების მთავარი ცენტრია. ჩვენ მოგვეცა საშუალება და გადაშენების პირას მყოფი ჯიშები გადავარჩინეთ. ჯიღაურას მეურნეობა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ მსოფლიოში საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული. დღეს ეს მეურნეობა, ეს უნიკალური საცავი, სახელმწიფოს საკუთრებაა, საჩუქარია ბიძინა ივანიშვილისგან. ეჭვი არ მეპარება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ზუსტად ესმის ამ პროექტების მნიშვნელობა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები