ლეღვის ფოთლის ნახარშით ახალგაზრდა ქალმა დამწვრობა მიიღო – მას სხეულის 35% აქვს დამწვარი

ლეღვის ფოთლის ნახარშით 26 წლის ახალგაზრდა ქალმა დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, გოგონას სხეულის 35% აქვს დამწვარი და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისივე ცნობით, ახალგაზრდა ქალმა დამწვრობა 4 დღის წინ მიიღო, თუმცა სამი დღის განმავლობაში, თვითმკურნალობას ეწეოდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი დამწვრობის ცენტრს მიმართა.
როგორც გუგა ქაშიბაძე აღნიშნავს, მიმდინარე სეზონზე ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობის ეს მესამე შემთხვევაა.
„გოგონას დამწვარი აქვს ქვედა კიდურები, ის თბილისიდან ერთ-ერთ რეგიონში სტუმრად იყო ჩასული, სადაც ლეღვის ფოთლის ნახარშის დახმარებით ცდილობდა გარუჯვას. პაციენტს სხეულის 35% აქვს დამწვარი, მეორე – მესამე ხარისხის ქიმიური დამწვრობაა. როგორც ირკვევა, ის ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად, 4 დღის წინ დაიწვა, სამი დღის განმავლობაში, სხვადასხვა მალამოების საშუალებით, თვითმკურნალობას ეწეოდა, თუმცა მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების შემდეგ, დღეს ჩვენ მოგვმართა. გოგონას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა ძალიან მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გვყავს იმიტომ, რომ არ მოხდეს შემდგომი გართულებები“, -განუცხადა „კვირას“ გუგა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, გარუჯვის მიზნით, ლეღვის ფოთლის ნახარში არ გამოიყენონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები