გიორგი გახარიამ ფრანჩესკა გოტარდის სამინისტროში სტაჟირების წარმატებით დასრულების სერტიფიკატი გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში იტალიის ტრენტოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრმა და ცინცინატის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრმა ფრანჩესკა გოტარდიმ ორთვიანი სტაჟირება დაასრულა. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მას პირადად შეხვდა და სტაჟირების წარმატებით დასრულების სერტიფიკატი გადასცა.

ფრანჩესკა გოტარდი საქართველოში ცინცინატის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა.

სტაჟირების განმავლობაში, ფრანჩესკა გოტარდიმ წარმატებით ითანამშრომლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტთან და მათი მუშაობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო, გაეცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ საპოლიციო თანამშრომლობას, შეხვდა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართალდაცვით სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს და მათ სერვისებს გაეცნო. ფრანჩესკა გოტარდი პერიოდულად ესწრებოდა კანონპროექტების განხილვას პარლამენტში, ასევე შეხვედრებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

ნაყოფიერი იყო მისი თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტთან. იგი თემატურ კვლევებს ატარებდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ვითარების შესახებ: ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის საკითხებზე. ფრანჩესკა გოტარდიმ, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ასევე, ჩაატარა კვლევები საქართველოში მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის პროცესში საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის როლის, კიბერ ბულინგისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, უწყებაში სტაჟირების მიზნით, კვლავ გეგმავს უცხოელი სტუდენტებისა და მაგისტრანტების მოწვევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები