გიორგი გახარია აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს, კრისტოფერ რეის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს, კრისტოფერ რეის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებზე ისაუბრეს, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, კიბერდანაშაულის კუთხით სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს, მათ შორის, შსს-ს ხელშეწყობაზე, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასა და ქართველი პოლიციელების სწავლებაზე ფედერალური ბიუროს აკადემიაში.
ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეთანხმდნენ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები ფედერალური ბიუროს აკადემიაში გადამზადდებიან, განსაკუთრებით საგამოძიებო მიმართულებით. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში სწავლების მეთოდებს გაეცნო. აღნიშნულ აკადემიაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, პერიოდულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც გადიან მომზადებას.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა, სამართალდაცვით სფეროში წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის. მხარეები შეთანხმდნენ ქართველი სამართალდამცავების ჩართვაზეც ტრანსსასაზღვრო და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში.