ფინანსთა მინისტრი: სავალუტო ფონდის 2016 წლის კვლევა მთავრობის წინა შემადგენლობის გადაწყვეტილებით არ გამოქვეყნდა

ვინაიდან 2016 წელს სავალუტო ფონდის კვლევა არ გამოქვეყნდა, ეს ნიშნავს რომ მისი გამოქვეყნებისთვის მოქმედი მთავრობის დასტური არ არსებობდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რომ კვლევაში მთავარი რისკ-ფაქტორი ქვეყანაში არსებული ჭარბვალიანობა იყო. სავალუტო ფონდმა ამ მიმართულებით რეკომენდაციებიც გასცა, თუმცა მინისტრის განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად წინა მთავრობას არაფერი გაუკეთებია. მაჭავარიანი ამბობს, რომ ჭარბვალიანობის დასაძლევად ახალმა მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა.

“საზოგადოებამ მოისმინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის განმარტება იმაზე, თუ რა წესით ქვეყნდება IMF-ს დასკვნები. ეს არის მოქმედი მთავრობის თანხმობა. ვინაიდან 2016 წელს ეს დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა, ეს ნიშნავს რომ მისი გამოქვეყნებისთვის დასტური არ არსებობდა. ამ დოკუმენტში მოყვანილი პრობლემები სრულად არის გააზრებული დღევანდელი მტავრობის მიერ და მათ აღმოსაფხვრელად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ.

რაც შეეხება ჭარბვალიანობას, ფიზიკური პირების მაღალი დაკრედიტება და მისი მზარდი ტემპი სავალუტო ფონდის კვლევაში მთავარ რისკ-ფაქტორად იყო აღიარებული. ამ მიმართულებით წელიწადნახევრის განმავლობაში, პრაქტიკულად მთავრობის მიერ არანაირი ღონისძიება არ გატარებულა.

დღეს თქვენ იცით, რომ მთავრობამ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად. ამ მიმართულებით დაწყებული რეფორმა ითვალისწინებს დაკრედიტების ახალი ხარისხობრივი სტანდარტის დაწესებას და ემსახურება მთავრობის მთავარ მიზანს – ეს არის მდგრადი, გრძელვადიანი, ინკლუზიური ეკონომიკის ხელშეწყობა და სიღარიბის დაძლევა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ კვლევების გასაჯაროების წესი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ფრანსუა პეშომაც განმარტა და განაცხადა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკით, IMF რეკომენდაციებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით აქვეყნებს.

24 ივლისს, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა დაუმალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები