ზაზა ხუციშვილი: კარგი ჰიმნი გვაქვს, მელოდიური, დასამახსოვრებელი
კარგი ჰიმნი გვაქვს, მელოდიური, დასამახსოვრებელი, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.
კითხვაზე, რას ფიქრობს ის კომპოზიტორ გია ყანჩელის იდეასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შეცვლას გულისხმობს, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მუსიკალურად ძალიან მოსწონს.
ყანჩელი ფიქრობს, რომ საქართველოს ჰიმნი აკომპანიმენტის გარეშე ადვილი შესასრულებელი უნდა იყოს.
„ჩემი აზრით, უფრო დიაპაზონის თემაა. იმიტომ, რომ ჰიმნი იწყება საკმაოდ დაბლა, შემდეგ ადის მაღალ ნოტებში, ბოლო ნაწილი. ყველამ რომ იმღეროს, საკმაო დიაპაზონი სჭირდება, მომღერლის.
მუსიკალურად მე ეს ჰიმნი ძალიან მომწონს. ტექსტიც ძალიან კარგია. ერთი-ორ ადგილას ვთვლი, რომ ტექსტი, შეიძლებოდა, უკეთესად ყოფილიყო, მელოდიაში ტექსტის მარცვლები. თუმცა, მთლიანობაში ვთვლი, რომ კარგი ჰიმნი გვაქვს, მელოდიური, დასამახსოვრებელი და ამის ნიშანი არის ის, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი აჰყვება ხოლმე, მღერიან ამ ჰიმნს, რაც ძალიან სასიხარულოა“- განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, კომპოზიტორი გია ყანჩელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შეცვლის იდეით გამოვიდა. ამის შესახებ მან ღია წერილი გამოაქვეყნა. ყანჩელი ფიქრობს, რომ საქართველოს ჰიმნი აკომპანიმენტის გარეშე ადვილი შესასრულებელი უნდა იყოს.
“თითქმის მივაღწიე 83 წელს. მესმის, რომ ჩემი ქვეყნის გაერთიანებას მე ვერ მოვესწრები. ვფიქრობ, რომ გაერთიანებულ ქვეყანას დაამშვენებდა სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და ამავე დროს ადვილად სამღერი სახელმწიფო ჰიმნი. ჩემი, როგორც მუსიკოსის დამოკიდებულება არსებული ჰიმნის მიმართ, სამწუხაროდ, საკმარისად კრიტიკულია.
ჰიმნის შემქმნელი ბატონი იოსებ კეჭაყმაძე გახლავთ ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის რეფორმატორი. მის მიერ შექმნილი საგუნდო ნაწარმოებები ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. რომ არა მისი განსაკუთრებული თავდაბლობა, მას არ დაჭირდებოდა ზაქარია ფალიაშვილის თემების გამოყენება და იგი შექმნიდა სრულყოფილ საქართველოს ჰიმნს.
ზაქრია ფალიაშვილის თემები შესანიშნავია, მაგრამ ჰარმონიული თანხლების (აკომპონიმენტის) გარეშე საკმარისად ძნელი სამღერია. რამოდენიმე წლის მანძილზე ვაკვირდები შემდეგ გარემოებას: ჩაწერილი ჰიმნის ჟღერადობა სავსებით მაკმაყოფილებს, ამავე დროს, თანხლების გარეშე მისი მოსმენისას მიჩნდება არა მხოლოდ უკმარისობის, არამედ უხერხულობის გრძნობა. არსებობს ერთადერთი გამოსავალი: კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის მიერ, მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი “სამშობლოს” პირველი ნახევარი წარმოადგენს სრულყოფილ, ადვილად სამღერ (თანხლების გარეშე), სიმარტივით და ამავე დროს დიდებით აღსავსე ბრწყინვალე ჰიმნს. ამ ადვილად დასამახსოვრებელ მელოდიას ერთი მოსმენითაც კი დაიმახსოვრებს და გაიმეორებს ყველა, მათ შორის საბავშვო ბაღის აღსაზრდელიც.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ნიკოლოზ რაჭველი (ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი) და სვიმონ ჯანგულაშვილი (საპატრიარქოს ვაჟთა მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი) მოესწრებიან ჩემთვის ნანატრ დღეს და საკადრისად განახორციელებენ ჩემს ოცნებას. რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ ახალი ჰიმნისთვის სიტყვების შექმნა დავით მაღრაძემ ითავოს. პატივისცემით, გია ყანჩელი”, – წერს კომპოზიტორი ღია წერილში.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის სახელწოდებაა „თავისუფლება“. ლექსის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.
თამუნა შეყილაძე