პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეების საგანგებოდ “შეჭედილი დანები”

ხორავას ქუჩის ტრაგედია ბევრი ადამიანის საფიქრალი და გულისტკივილია. ვიღაც ამ თემას პოლიტიკური ბრძოლისთვის იყენებს, ვიღაცისთვის ჟურნალისტური პაექრობის ასპარეზია, მავანი ახალგაზრდების მკვლელობის პრობლემას პროფესიულ გამოწვევად მიიჩნევს და ფულს შოულობს!
საგანგაშოა! სირცხვილია, მოზარდების ტრაგედიის ხარჯზე გათამაშებული უფროსების მიერ შეთხზული ზღაპრების გავრცელება ტელეეკრანებზე, ჟურნალისტური გამოძიების ქრონიკებში თუ პრესით აგორებულ დეზინფორმატიულ, შეკვეთილ სტატიებში.
პრობლემის იდენტიფიცირება, რეალური აღქმა-გააზრება მისი მოგვარების წინაპირობაა. სად დაუშვა შეცდომა ოჯახმა და საზოგადოებამ, როცა ჩვენს წინაშე სასტიკი მკვლელები 15-16 წლის ბიჭები არიან? სად და როგორ ყიდულობენ მოზარდები ცივ იარაღს? საიდან ჰქონდათ საგანგებოდ შეჭედილი დანები პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს ამაზრზენი წარწერით ,,волк“ და ტუზი ყვავის სიმბოლიკით? ნუთუ არავის შეუნიშნავს ეს ნივთები ამ ბიჭებისთვის ტრაგედიამდე ოჯახში თუ გარეთ? (მკვლელობის იარაღებს ნამდვილად ვერ შეიძენდნენ გაკვეთილიდან გამოპარულები) როგორ გაიმეტეს ბავშვებმა უმნიშვნელო მიზეზის გამო თანატოლები სადისტური მკვლელობისთვის, როგორ ყალიბდებოდა მათი ფსიქიკა და როგორი იყო მათი გარემო ვიდრე ამ დანაშაულს ჩაიდენდნენ? და ბოლოს, ყველაზე მთავარი, რა ბედი ელით მათ მომავალში?
ეს კითხვები უდიდესი პრობლემის ეპიცენტრია. ამ კითხვებზე პასუხის გაცემამ იქნებ გაგვიყვანოს სინათლისკენ და სიმართლისკენ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ დანაშაულზე შეგნებული პასუხისმგებლობა ფსიქოლოგიური ტვირთვის შემსუბუქებაა! უფროსები იმის მაგივრად, რომ გზააბნეულ მოზარდებს ტვირთის შემსუბუქებაში ეხმარებოდნენ, მათ დაძვრენას, გამართლებას, სიცრუით შეფუთვას ცდილობენ. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულების გამართლების ყიჟინამ და N51 სკოლის მიზანმიმართულმა შეურაცხყოფამ, დამცირებამ ყურთასმენა წაიღო! ფულს იხდით და ფულს იღებთ, ბატონებო, მკვლელების გამართლებაში და უდანაშაულო ბიჭების ღირსების შელახვაში? ვითომ, ყბადაღებული ბულინგია?!
დიახ! ყველაფერს კადრულობთ და ყველაფერი ნათელია! მერე აღარ გაგიკვირდეთ მოზარდების აგრესია, უსამართლობა და ძალადობა!
ახალგაზრდების ტრაგედია – “ნაციონალური მოძრაობის” თავშესაფარი
საზოგადოების ყველა წევრისთვის ცხადი და ნათელია ის ფაქტი, რომ N51 სკოლის საუკეთესო მოსწავლეების მკვლელობა ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის საჯილდაო ქვად იქცა. ექვსი თვეა ნაც-მოძრაობის ,,დემოკრატი“ და ,,ჰუმანური“ წარმომადგენლები პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებენ და ბავშვების ტრაგედიას დემაგოგიური გამოსვლებით, პროვოკაციული განცხადებებით და სიმართლე-სიწმინდის დამკნინებელი გადაცემებით რეაბილიტაციას ცდილობენ.
ისტორია ვერ იტევს და ვერ ეგუება სიყალბეს, დესტრუქციას, დიქტატს, ადამიანის პატივის და ღირსების აყრას, უსამართლობას. მორალური, კაცთმოყვარე პრინციპებით უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა რთულია, მაგრამ ზნეობრივ-რელიგიური ეთიკის დაცვას რომ თავი დავანებოთ, კანონის უზენაესობის წყალობით ყველაფერი შესაძლებელია!
N51 სკოლა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყოველთვის იყო პოლიტიკური ქარტეხილების სამიზნე. ეროვნული გმირების აღმზრდელი სკოლა, 9 აპრილს შეწირული მოსწავლეები, თუ სააკაშვილის მმართველობის პოლიტიკურ პლატფორმად აღიარებული და გამორჩეული სკოლა – თითქოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თუ სამოქალაქო პროცესების სიმბოლოდ იქცა.
თანამედროვე განათლების სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, პრესტიჟული და მრავალრიცხოვანი სკოლა დღესაც პოლიტიკური ბრძოლის სივრცეა. ამ სკოლით მანიპულირება, ასწლოვანი ისტორიის მიზანმიმართული შეურაცხყოფა კვლავ პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის ხდება. შვილმკვდარი მამების და შავოსანი დედების მობილიზება აქციებისა თუ ,,ღირებულებების“ დემონსტრირებისათვის ნაციონალური წარსულის დაბრუნების უბადრუკი მცდელობაა! შვილმკვდარი მამის ემოციებით სპეკულირება კი უაღრესი, დანაშაულებრივი ქმედებაა!
ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება იმის საილუსტრაციოდ, რომ ნაციონალური მოძრაობა ხორავას ქუჩის ტრაგედიით მანიპულირებს და სარგებლობს.
მაგალითად, დავით ფერაძე – ვითომდა პედაგოგების ინტერესების დამცველი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისამართით მუდმივად ცილისწამებას და სიცრუეს ავრცელებს.
ნაციონალური მოძრაობის წევრი N51 სკოლის ყოფილი დირექტორი დავით ლაგვილავა – N51 სკოლის დისკრედიტაციის კამპანიის ხელმძღვანელია. ნაციონალური მოძრაობის ეგრეთწოდებული ,,ზონდერი“ ზვიად კუპრავა – ზაზა სარალიძის სიმართლის მცველია. ეთნიკურ უმცირესობებთან მიკედლებაც (მაჩალიკაშვილის საქმე) – ნაციონალების ხელწერაა. დამარცხებული პოლიტიკური პარტიის ყველა ლიდერი სოლიდარობის აქციების დამფინანსებელი, ორგანიზატორი და აქტიური ორატორია.
ხორავას ქუჩის ტრაგედიის სამართლებრივი დასასრული გარდაუვალი, კანონზომიერი, შეუქცევადი პროცესი არის და იქნება. ამას საფუძვლად მხოლოდ, ქართული სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული, სახალხო პრინციპები უდევს და არავითარ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ადვოკატირება და ფარისევლობა.

 ლალი აბაიძე
ნინო ახობაძე

მასალა მოწოდებულია ავტორების მიერ და “კვირას” რედაქცია მის შინაარსზე პასუხს არ აგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები