გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს, სამუშაო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის. პრემიერი მონაწილეობას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაშიც მიიღებს, რომელიც ვაშინგტონში ,,შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის“ და The Heritage Foundation-ის ორგანიზებით იმართება.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან. 23 მაისს, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვაშინგტონში, “შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში” გაიმართება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.