გამბიაში ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრებამ ჩვილის სიცოცხლე იმსხვერპლა

BBC-ს ინფორმაციით, გამბიაში ჩვილი გოგონა, რომელიც ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრების (FGM) შედეგად დაშავდა, ადგილობრივ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, 1 თვის ბავშვი დედაქალაქ ბანჯულის საავადმყოფოში ძლიერი სისხლდენის შემდეგ გადაიყვანეს, თუმცა ადგილზე მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გაკვეთის დასკვნა ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა, ადგილობრივები მას ქალის წინადაცვეთას, ანუ FGM-ს უკავშირებს, რაც დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოში აკრძალული კულტურული პრაქტიკაა.

„კულტურა არ არის საბაბი, ტრადიცია არ არის ფარი, ეს ძალადობაა, უბრალოდ და მარტივად“, – ნათქვამია წამყვან არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ლიდერობასა და განთავისუფლებაში“ (WILL) განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, ბავშვის გარდაცვალებაში სავარაუდო მონაწილეობის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს. ქალის დასახიჩრება გამბიაში 2015 წლიდან აკრძალულია, რაც დამნაშავეებისთვის ჯარიმებს და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო გოგონას გარდაცვალების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც “ბიბისი” წერს, გამბია იმ 10 ქვეყანას შორისაა, სადაც ქალის დასახიჩრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, 15-დან 49 წლამდე ასაკის ქალებისა და გოგონების 73%-ს ეს პროცედურა ჩაუტარდა.

ადამიანის უფლებების დამცველები მკაცრად გმობენ ტრაგედიას და ხელისუფლებას მოუწოდებენ გაატარონ მყისიერი ზომები კანონის მკაცრი აღსასრულებლად, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები