ტრამპი: პუტინს ვეტყვი, რომ ომი დაასრულოს – ვეცდები, უკრაინისთვის ღირებული ტერიტორიის ნაწილი დავიბრუნო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრიდან რამდენიმე წუთში შეძლებს გაიგოს, შესაძლებელია თუ არა კრემლის ლიდერთან უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების დადება.

როგორც ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის შეეცდება, ომის დროს რუსეთის მიერ დაკავებული „ღირებული ტერიტორიის“ ნაწილი უკრაინას დაუბრუნოს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, შემდეგი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ან მასთან და პუტინთან ერთად უნდა შედგეს.

კრემლის ლიდერთან მომავალ შეხვედრაზე უფრო დეტალურად საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს „საცდელი“ შეხვედრა იქნება, თუმცა, იმედოვნებს, რომ პუტინთან კონსტრუქციული დიალოგი გაიმართება.

„მე ვეტყვი მას, რომ ომი დაასრულოს, კონსტრუქციული დიალოგის იმედი მაქვს. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებს დავურეკავ“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ტრამპი გარიგების დადებას არ აპირებს, რადგან მისი თქმით, ეს „მისი საქმე არ არის“  და აღნიშნული საკითხი უკრაინამ და რუსეთმა უნდა მოაგვარონ.

რაც შეეხება ზელენსკის, ტრამპმა განაცხადა, რომ ის „კარგად ეწყობა“ უკრაინის პრეზიდენტს, თუმცა მაინც არ ეთანხმება მას „მის ქმედებებში“.

ამერიკელი ლიდერის თქმით, ეს ომი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელების 88%-ს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები