საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა ციხე-სოფელი შატილი მოინახულა
დუშეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მუცოს ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლი – ციხე-სოფელი შატილი მოინახულა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მუცოს მუზეუმ-ნაკრძალში სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ერთად იმყოფებოდნენ: მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ტიკურიშვილი, ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის უფროსი ირინე საბაშვილი, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის ხელმძღვანელი ლელა ბარამაშვილი, მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ლაშა შარტავა და მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნიკოლოზ ზაზუნიშვილი.
მუცოს ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია სხვადასხვა დროს რვა ეტაპად განხორციელდა და ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: მოეწყო სამსაფეხურიანი სატვირთო-საბაგირო გზა, გაიწმინდა ნაშალი ფიქალის ქვისა და მიწისაგან. მოსამზადებელმა სამუშაოებმა შესაძლებელი გახადა რეაბილიტაციის პროცესის დაწყება.
სრულად აღდგა ღიობების წირთხლები შერჩეული ფიქალით. დამზადდა, დამონტაჟდა და შეიმინა მუხის ხის კარ-სარკმლები, სრულად აღდგა ქვის კიბეები, მოეწყო სართულშუა გადახურვები ფიჭვის ხის უხეშად დამუშავებული მორებით. ციხე-სახლების სარტყელი მოეწყო ანტისეპტირებული ხის კოჭებით, ჩაბურღვით და ხის ღეროების ჩამაგრების მეთოდით. გადახურვის კავებზე დაეფინა რუბეროიდი, ობიექტზე ადრე მიმაგრებული მასალით ზემოდან მოეწყო თიხატკეპნილი და გადაიხურა ფიქალით. აგრეთვე, ნაგებობების პირველ სართულზე დაიგო ფიქალის იატაკი კირდუღაბის ხსნარზე.
ამჟამად ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მიმდინარეობს უზღაულების ციხე-კოშკის რეაბილიტაცია, სადაც მოწყობილია ხის არაინვენტარული ხარაჩო, აღდგენილია კოშკის კედლები სიპი ქვით და სართულშუა გადახურვა.
სამომავლო სარეაბილიტაციო გეგმით გათვალისწინებულია მუცოს ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული ცალკეული ისტორიული ნაგებობების აღდგენა-გამაგრება-კონსერვაციის პროცესის გაგრძელება და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება. ვიზიტის დროს აგრეთვე დაიგეგმა მუზეუმ-ნაკრძალის პერიმეტრიზე ბილიკის მოწყობა, უსაფრთხოების მოაჯირების დამაგრება/დამონტაჟება, ნიშნულებისა და აბრების განთავსება, სალოცავამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობა, განათების წერტილების დამონტაჟება და მუზეუმ-ნაკრძალის სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვა.
ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მოინახულა დუშეთის მუნიციპალიტეტში ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი – ციხე-სოფელი შატილიც, გაეცნო შექმნილ ვითარებას და 2022 წელს სააგენტოს მიერ განხორციელებულ სამუშაოებს, რომლებიც გულისხმობდა რამდენიმე კოშკზე სახურავის მოწყობას.
დღევანდელი მდგომარეობით, ისტორიული ნაგებობების უმრავლესობა საჭიროებს რეაბილიტაციას. ციხე-სახლებსა და კოშკებს დაზიანებული აქვს სახურავი, სართულშუა გადახურვა და საპირე წყობა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა დაგეგმეს ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ქმედებები, რათა კულტურული მემკვიდრეობის ესოდენ მნიშვნელოვანი ძეგლი უცვლელი სახით შენარჩუნდეს.