გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი მსოფლიოს პრესტიჟულ სცენაზე – ბერლინის კონცერტჰაუსში
გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა, რომელიც ეროვნულ სასახლეში დაარსდა, გამართა კონცერტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე – ბერლინის კონცერტჰაუსში, Young Euro Classic ფესტივალის ფარგლებში.
ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.
პროგრამა:
ორკესტრმა შეასრულა როგორც ქართული, ისე ევროპული კლასიკური ნაწარმოებები.
ლაშა ხარხელაური: „იქნებ სიბრმავემ წამიყვანოს ნაცნობ მხარეში“ (მსოფლიო პრემიერა, ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები).
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი: საფორტეპიანო კონცერტი №9, შესრულებული გამორჩეული ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, ცოტნე ზედგინიძის მიერ.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი: სიმფონია №7.
კონცერტის ბოლოს, ორკესტრმა შეასრულა ქართული ხალხური სიმღერა „მრავალჟამიერი“, რომელიც მიეძღვნა გია ყანჩელის 90 წლის იუბილესა და აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს.
ორკესტრს უდირიჟორა სამხატვრო ხელმძღვანელმა, მირიან ხუხუნაიშვილმა.
ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
„ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდა მუსიკოსებით, რომლებმაც მსოფლიო სცენაზე ქართული კულტურა წარმოაჩინეს“, – აღნიშნულია ეროვნული სასახლის მიერ გავრცელებულ ინორმაციაში.