ავსტრიამ პირველი გენდერულად ნეიტრალური პასპორტი გასცა

ვენამ პირველი გენდერულად ნეიტრალური პასპორტი გასცა, სადაც „მამრობითი“ ან „მდედრობითი“ სქესი „X“-ით არის მითითებული, – ამის შესახებ ავსტრიული ტელეარხი OE24 არაკომერციულ ორგანიზაცია Verein Nicht Binär-ზე დაყრდნობით იუწყება.

„ვენაში პირველად გაიცა გენდერულად ნეიტრალური პასპორტი. სიტყვების „მამრობითი“ ან „მდედრობითი“ ნაცვლად, მასზე უბრალოდ „X“ წერია“, – იტყობინება ტელეარხი.

OE24-ის ცნობით, ავსტრიაში გენდერული ნიშნით „X“ პასპორტი გერმანიაში მცხოვრებმა პირმა მიიღო, სადაც 2024 წლიდან გენდერული თვითგამორკვევის შესახებ კანონი მოქმედებს.

გასული წლის ოქტომბერში ევროპის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირის ერთ ქვეყანაში რეგისტრირებული სქესის შეცვლა სხვა ქვეყნებშიც უნდა იყოს აღიარებული.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიას ჯერ არ დაუნერგავს არაბინარული სქესის ოფიციალური აღიარება, ვენის ხელისუფლებამ ამ პირზე ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად პასპორტი „X“ ნიშნით გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები