ზაალ კასრელიშვილი: ისრაელის, როგორც პოლიტიკური მოთამაშის, როლი გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ზაალ კასრელიშვილი „კვირას“ პრესკლუბში აცხადებს, რომ ისრაელს, როგორც ძლიერ და ახალ მოთამაშეს, უახლოეს მომავალში დასჭირდება ახლო აღმოსავლეთის მხარდაჭერა, სადაც როგორც დასავლეთის პარტნიორი, ერთადერთი ძალა საქართველოა.
“ისრაელის, როგორც პოლიტიკური მოთამაშის როლი, უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ ჩვენი ვარაუდით, იგი ათჯერ მეტად გაიზრდება. ისრაელი ახლო აღმოსავლეთში არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია სირიას და ირანს ერთად გაუნადგუროს ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, მათ შორის, დახურული სამხედრო მნიშვნელობის ობიექტები, სადაც რუსეთის ტექნიკაა განლაგებული. ამის მაგალითი და ყველასთვის გაგზავნილი მესიჯი იყო სირიაში, ისრაელის მიერ განხორციელებული წერტილოვანი დარტყმა, სირიის ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფზე, რომელიც წარმოადგენდა რუსეთის ტექნიკას, რუსეთის ხელისუფლების საამაყო ეგრეთ წოდებულ პანცერს. ეს არ გახლდათ სამხედრო ოპერაცია, როდესაც ირანი, რუსეთი და თურქეთი სასაუბროდ სხდებიან და ახალ გადანაწილებებს ახდენენ, რომელიც მერე არ მუშაობს, ეს გახლდათ პოლიტიკური გზავნილი ყველასათვის, რომ ისრაელი არის ძლიერი მოთამაშე და ძალა. დასავლეთისთვის ისრაელი პარტნიორია, იმის მიუხედავად, რომ ის არც ევროკავშირის და არც ნატო-ს წევრი არაა, ბევრი ევროპული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის დემოკრატიის და განვითარების იმ დონეს, რომელსაც ისრაელმა მიაღწია. საერთაშორისო საზოგადებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შრომის კულტურის, ბრძოლისუნარიანობის და დამოუკიდებლობის სურვილის დემონსტრირებას. ამ ეტაპზე ისრაელს არ აქვს ზურგი, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ზურგი გახლავთ კავკასია, სადაც დასავლეთის პარტნიორი საქართველოა. რაც მეტად დაიძაბება ურთიერთობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რაც უფრო მეტი რადიკალიზმი წამოვა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, მით მეტად გაიზრდება საქართველოს მნიშვნელობა. ამ ფაქტორს გამოყენება უნდა, ეს არ გახლავთ ჩვენი დამსახურება, ეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა. რასაკვირველია, ამისთვის მარტო მიმდინარე პროცესები არ კმარა, საამისოდ, ჩვენ კარგად უნდა წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები და პირველ რიგში, დავალაგოთ შიდა პრობლემები. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ეთნო-რეგიონალური პოლიტიკის სახელმწიფო ინსტიტუტი და უმთავრესი, არ არსებობს სამეზობლო პოლიტიკა. ევროკავშირის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ სამეზობლო პოლიტიკა გახდა, არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნისათვის. ქართველებს მაგის სწავლა არ გვჭირდება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორც კარგი, ასევე ცუდი მეზობლის ფასი, უბრალოდ, ჩვენთან ეს ყოველივე ერთად თავმოყრილი არაა”, – აცხადებს კასრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები