ზაალ კასრელიშვილი: რუსეთს “ფუკასავით” ააცალეს სომხეთი
სომხეთი სულ მალე დადგება არჩევანის წინაშე, გამოაჩინოს თავისი ნამდვილი პოლიტიკური ორიენტაცია, – ამის შესახებ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარემ და ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ზაალ კასრელიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სომხეთში მოხდა ის, რისიც არავის სჯეროდა. ჩვენ რამდენიმე თვის წინ, გავაკეთეთ ამის პროგნოზი, რომელიც მავანთათვის დაუჯერებლად ჟღერდა. რუსეთი იმდენად ჩაითრიეს ახლო აღმოსავლურ პრობლემებში, რომ მას ყურადღების მიღმა დარჩა კავკასია. შედეგიც სახეზეა, მას ცხვირწინ ფუკასავით ააცალეს სომხეთი. არ ვფიქრობთ, რომ სომხეთში ხვალ და ზეგ მოსალოდნელია მკვეთრად პროდასავლური პროცესების დაწყება, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ხელისუფლებას ჩამოაცილეს მკვეთრად პრორუსული ძალა და მმართველობაში მოვიდა ე.წ. ინგლისურად მოსაუბრე ახალგაზრდების ჯგუფი, რის გამოც სომხეთი, რუსეთს პარტნიორად ვეღარ გამოადგება. რასაკვირველია, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სომხეთში მოღვაწე პრორუსული ძალები გულზე ხელებს დაიკრეფენ, ჩვენი პროგნოზით ისინი გაერთიანდებიან და ორ ნაწილად დაიყოფიან, – ერთი იქნება მემარცხენე ცენტრისტული ძალა, რომელიც იბრძოლებს ხელისუფლების შიგნიდან შესაცვლელად, ხოლო მეორე, მკვეთრად ნაციონალისტური ძალა, რომლისგანაც ძალიან ცუდ განცხადებებს უნდა ველოდოთ, მათ ჯერ ჩვენთვის არ სცხელათ, მათი პირველი სამიზნე აზერბაიჯანია. სომხეთი მეგობრობდა და მეგობრობს ირანთან, მათი მონოფიზიტობაც სპარსეთისა და ირანის გავლენაა. სამომავლოდ, ირანთან ურთიერთობის გამო, მას აუცილებლად მოუწევს არჩევანის გაკეთება თუ დასავლეთი ირანს სანქციების ქვეშ მოაქცევს, აქ უკვე პირდაპირ გამოჩნდება სომხეთი დასავლეთისკენაა, თუ კვლავაც პრორუსულია”, – განაცხადა კასრელიშვილმა.