ზაალ კასრელიშვილი: როგორც ჩანს, მავანს უნდა, საქართველო ნარკოტრანზიტის ქვეყანა გახდეს
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი, ექსპერტი უშიშროების საკითხებში, ზაალ კასრელიშვილი მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ნარკოტიკების თემას ეხმაურება.
“ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე კონფედერაცია მიიჩნევს, რომ მავანს ძალიან უნდა, საქართველო ნარკოტრანზიტის ქვეყანა გახდეს. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველო ასეთი ქვეყანა გახლდათ, სააკაშვილის დროს ნარკოტიკი მოძრაობდა, მაგრამ პრაქტიკულად არ რჩებოდა ქვეყანაში, აი ახლა კი, კარტელი ძალიან ცდილობს, რომ საქართველო, როგორც ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის უმოკლესი გზა, ამ მიზნისთვის გამოიყენოს, რა თქმა უნდა, ის ფონი, რომ ახლო აღმოსავლეთში არეულობაა და მასიურად გაიხსნა ტურიზმი ირანიდან, ამ ყოველივეს ხელს უწყობს, უნდა გითხრათ, რომ ის ახალი თაობის ნარკოტიკებიც ექსპერიმენტის მიზნით შემოვიდა ქვეყანაში, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, ჯერ კიდევ არაფერია ცნობილი მათი დოზების შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე შემთხვევა ლეტალურად დასრულდა ევროპაშიც. მე არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ ასე მგონია. არავის აქტიურობას ეჭვქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ მოგეხსენებათ, ნარკო-კარტელს მხოლოდ რეალიზატორები და მომხმარებლები არ სჭირდება, მას ასევე სჭირდება მისთვის მოსახერხებელი საკანონმდებლო ბაზა სამოძრაოდ. ჩრდილო კავკასიაში ეს მარშრუტი დაკეტილია, რადიკალური ისლამის მიმდევრების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ გატარებულმა მკაცრმა და დაუნდობელმა სპეცოპერაციებმა, როგორც ჩანს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც შეამცირა ნარკოტიკის შედინება. ასე რომ, ახალი ტალღა საქართველოსაკენ წამოვიდა”, – აცხადებს კასრელიშვილი.