ირაკლი კოვზანაძე: RIA ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ინიციტივების ეფექტიანობის შეფასებისთვის

“რეგულირების გავლენის შეფასების  (RIA-ს) დანერგვის ვალდებულება ჩვენი ქვეყნისთვის  ერთ-ერთ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება”, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს, პარლამენტში მიმდინარე  სემინარზე – „სახელმწიფო ფინანსებზე საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება და რეგულირების ზეგავლენის შეფასება“  განაცხადა.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ 2013 წლის სამთავრობო პროგრამაში ჩაიდო ვალდებულება  RIA-ს სისტემის შემუშავებაზე, რომლის მიზანია  ახალი და არსებული საკანონმდებლო ინიციატივების გავლენის შეფასება ბიზნესგარემოსა და ეკონომიკაზე.

„RIA იძლევა საშუალებას, რომ ცვლილებების დაგეგმვის პროცესში წინასწარ განისაზღვროს მოსალოდნელი შედეგები, წინასწარ გავთვალოთ ყველა შესაძლო ხარჯი და სარგებელი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რეგულირების გავლენის ანალიზი გაცილებით  ეფექტიანია, თუ ის კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე ხორციელდება. საქართველოში RIA-ს დანერგვის მნიშვნელობა და აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა ევროკავშირთან ასოცირების და საკანონმდებლო დაახლოების პროცესში“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, უახლოეს დღეებში საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტში მთავრობიდან განსახილველად შევა ქვეყნის 2019-2022 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (BDD), გარდა ამისა, მოისმენენ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების,  ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშებს

„მიმაჩნია, რომ ყველა ამ მიმართულებით, ისევე როგორც სახელმწიფო აქტივების ფლობისა და სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებთან დაკავშირებით, RIA-ს პრაქტიკის დანერგვა ჩვენს საქმიანობას გაცილებით ეფექტიანს გახდიდა“,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ორდღიანი სემინარი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, „საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის“ (ECPRD) მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ ავსტრიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, პორტუგალიისა და იტალიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები