ნინო ბურჯანაძე: პრეზიდენტის განცხადებას რეალური შედეგი არ მოჰყვება და უკვე დაგვიანებულია

„პირველი რიგში, მიხარია, რომ პოლიტიკოსები როგორმე მიდიან იმ აზრამდე, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან დიალოგი არის საჭირო და აუცილებელი. როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, სამშობლოს მოღალატედ მაცხადებდნენ და ლამის დასახვრეტად მიმეტებდნენ”, – ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, თავის დროზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ახლად არჩეულ ლიდერს შეხვედროდა, მარგველაშილმა სამარცხვინო პასუხი გასცა, რომ ჯერ ის დასავლელ ლიდერებს დაეკითხებოდა ამის თაობაზე.

როგორც ბურჯანაძე მიიჩნევს, პრეზიდენტის განცხადებას რეალური შედეგი არ მოჰყვება და უკვე დაგვიანებულია.

“როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილს დაავიწყდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, – როდესაც ის იყო ახლადარჩეული პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზად იყო, შეხვედროდა საქართველოს ახლადარჩეულ ლიდერს. თუმცა, მაშინ გიორგი მარგველაშვილმა სამარცხვინო პასუხი გასცა, – ჯერ დავეკითხები ჩემს დასავლელ პარტნიორებს და თუ უფლებას მომცემენ, მერე შევხვდები ვლადიმერ პუტინსო. ეს იყო სამარცხვინო საქციელი სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტის მხრიდან.

ახლა ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის მარგველაშვილის მზადყოფნა, როდესაც მისი ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც თვეებია დარჩენილი, რატომ უნდა შეხვდეს მას რუსეთის პრეზიდენტი?! გიორგი მარგველაშვილმა, მინიმუმ 4 წლით დააგვიანა და დღეს ის სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში იყენებს თავსაც და ქვეყანასაც. ამის გარდა, მარგველაშვილი ამბობს, რომ შეხვედრას და დიალოგს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ აქვს აზრი. ესეც არარაციონალური და სულელური განაცხადია, რადგან დიალოგი სწორედ იმისთვის არის საჭირო რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან გავიდეს. ამას არავინ გააკეთებს, ვიდრე დიალოგი არ შედგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას არანაირი რეალური შედეგი არ მოყვება, გიორგი მარგველაშვილს მინიმუმ 4 წლით დააგვიანდა“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ როგორი ურთიერთობაც ჩამოყალიბდა რუსეთთან, მათი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სწორია. ქართული მხარე მათ რაციონალურ დიალოგს სთავაზობს. პრეზიდენტის თქმით, ის ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს არა მისი იმიჯიდან, არამედ რუსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, დაელაპარაკება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები