“გიორგი მარგველაშვილს გულწრფელად ვურჩევდი, საკუთარი აზრი უფრო მკაფიოდ გამოხატოს”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მან საკუთარი აზრი უფრო მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს.

მისივე თქმით, ყველასთან საუბარი შესაძლებელია, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთანაც, თუ ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებას ხელს ოდნავ მაინც შეუწყობს.

„გიორგი მარგველაშვილს გულწრფელად ვურჩევდი, რომ საკუთარი აზრი უფრო მკაფიოდ გამოხატოს. ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება იმ საკითხის შეფასება, თუ რა უნდა სინამდვილეში, რა გზას, რა კურსს ირჩევს და რა მესიჯი უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. შესაძლებელია ყველასთან საუბარი, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთანაც, თუ ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებას ხელს ოდნავ მაინც შეუწყობს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ როგორი ურთიერთობაც ჩამოყალიბდა რუსეთთან, მათი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სწორია. ქართული მხარე მათ რაციონალურ დიალოგს სთავაზობს. პრეზიდენტის თქმით, ის ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს არა მისი იმიჯიდან, არამედ რუსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, დაელაპარაკება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები