თამარ ჟვანია: ხმის ელექტრონული დათვლა კვლევის და უშუალოდ პროცესის შეფასების მიზნით ხორციელდება

“დიდწილად, ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს საარჩევნო პროცესში”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მედიას განუცხადა.

საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად იყენებს ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს.

„ხმის ელექტრონული დათვლა კვლევის და უშუალოდ, პროცესის შეფასების მიზნით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობების განხილვას“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ მედიასთან.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, იყვნენ აქტიურები და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამომრჩევლების ჩართულობა აღნიშნულ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ვინაიდან სწორედ მათი დახმარებით იქნება შესაძლებელი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივების განხილვა”, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის №67. 27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ცაიშის თემის სამი უბნის ამომრჩევლები დღეს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. ცაიშის თემის სამ საარჩევნო უბანზე 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული. კენჭისყრის პროცესს 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი აკვირდება. 13 მაისის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტაცია 15 მედიასაშუალების 255-მა წარმომადგენელმა გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები