რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა — უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის მიმართულებით 670-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და 56 რაკეტა გაუშვეს.
ზელენსკის თქმით, შეტევის დროს გამოყენებული იყო ბალისტიკური, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ხოლო მთავარი სამიზნე კიევი იყო.
პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დედაქალაქიდან მძიმე კადრებიც გაავრცელა, სადაც დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსები და სამაშველო სამუშაოებია ასახული.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საჰაერო განგაში ქვეყნის რამდენიმე რეგიონში გამოცხადდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კიევში დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 1 ადამიანი და დაშავდა ათეულობით მოქალაქე. თუმცა, დაშავებულებისა და დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის კიდევ ზუსტდება.
საერთაშორისო მედიის შეფასებით, ეს ბოლო თვეებში უკრაინაზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული შეტევა იყო.