შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი უფრთხის მართალ სიტყვას

“ეს არის კონტექსტში დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და რა ნაბიჯებს ვხედავთ. ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელი მართალ სიტყვას უფრთხის.

“ფაქტია, რომ რასაც უფრთხის ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა და ძალიან აფრთხობთ ის სიმართლე, რომელიც ესმით და, რომლის გამოც მათი პროპაგანდა არ მუშაობს.

ეს არის ნაწილი საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვისა. სწორედ ეს არის გაგრძელება დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი არის, რომ დაიხუროს თავისუფალი მედია. დიდი ხანია მუქარას ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ახლა თავის ვიწრო წრეში პატარა ჩქმეტას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

ჩემთვის იყო აღმოჩენა, რომ იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დახარჯა ასობით ათასი ევრო იმისთვის, რომ გაეშავებინა საქართველოს პარლამენტი, მოესია ჩვენთვის „ენჯეოები“, ე.წ. მედია ომბუდსმენი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, ამაში ჩადეს ათი ათასობით ევრო, რომ პარლამენტის რეპუტაცია დაეზიანებინათ, როდესაც სწორედ აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტში. საკონსტიტუციო სასამართლოში დღესაც სარჩელია შეტანილი ევროკავშირის საელჩოსა და ევროპარლამენტის დაფინანსებით”,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს – „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები