ირაკლი კობახიძე: შსს-ს თანამშრომლები სპეცოპერაციის დრო რბილად მოქმედებდნენ

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ შს სამინისტროს თანამშრომლები რბილად მოქმედებდნენ. მისივე განმარტებით, გუშინ განვითარებულ პროცესებს სხეულის დაზიანების არც ერთი შემთხვევა არ მოჰყოლია.

„რაც შეეხება იქ შესულ ადამიანთა, შსს-ს წარმომადგენელთა რაოდენობას, ამაზეც მივიღეთ ინფორმაცია და ესეც ითქვა, რომ იყო პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განხორციელებული. რაც ხდებოდა გარეთ, იქაც რასაც ვუყურებდი, ჩარევა იყო არსებითად თანაზომიერი და ვუყურებდით, რა იყო საერთო შედეგი.

ხელკეტიც კი არ გამოუყენებია შსს-ს იმ პროცესებში, რაც ჩვენ ვიხილეთ. სხეულის დაზიანების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. იმდენად რბილად მოქმედებდა შსს, როგორც შიგნით, ასევე გარეთ, ამას ბევრი თვითმხილველი ადასტურებს და ვხედავდით სატელევიზიო ეთერში.

არც ერთი სხეულის მსუბუქი დაზიანებაც არ მოყოლია პროცესებს, რომელიც განვითარდა გუშინ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შსს მოქმედებდა თანაზომიერების, პროპორციულობის სულისკვეთებით. დღეს ვიხილეთ ასევე, როდესაც წარიმართებოდა შეკრება რუსთაველის გამზირზე, ყველანაირი საშუალება ჰქონდათ მანიფესტანტებს, განეხორციელებინათ საკუთარი უფლება, შეკრების თავისუფლება. ყველანაირი საშუალება მისცა მათ შსს-მ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის ფუნქცია არის ზედამხედველობა, ამიტომ ისინი დაინტერესდებიან დეტალებით.

„დამატებით დავინტერესდებით დეტალებით და როდესაც გვექნება მეტი ინფორმაცია დეტალებთან დაკავშირებით, იქ უკვე საბოლოოდ შეიძლება ითქვას, თუ რამდენად იყო ბოლომდე და სრულად დაცული ადამიანის უფლებები“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები