„სახელმწიფოს ვალდებულებაა, იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართავს და პარლამენტში გასახილველ კანონპროექტზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის.
მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
მისივე განცხადებით, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს მის შენარჩუნებაზე.
“პირველ რიგში, სანამ განხილვა დაიწყება, მინდა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დიდი პატივისცემა დავუდასტურო და მივაწოდო დეტალური ინფორმაცია იმ ცვლილებებზე, რომელსაც პარლამენტი განიხილავს კანონში. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, გამშვებ პუნქტებზე ჩვენს მესაზღვრეებს უფლება ეძლევათ შეაჩერონ ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელი პირი, თუკი მას წესრიგში არ აქვს პასპორტი, ვერ ასაბუთებს სად მიდის და როდის ბრუნდება. ასეთი უფლებით აღჭურვილი არიან ევროკავშირის მესაზღვრე პოლიციელები. ასევე, დასჯადი ხდება საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზება, რაც თავის მხრივ ტრეფიკინგის რისკებსაც შეიცავს. აღნიშნული მექანიზმები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება. კანონში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფებიან. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომელთა გადალახვაც მათ უხდებათ. ამიტომაც, უზენაესი კანონის რანგში ავიყვანეთ სახელმწიფოს ვალდებულება იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს ჩანაწერი პირველად 2018 წელს იქცა კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილად.
შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა ზიანის მომტანია როგორც ამ წესების დამრღვევი პირების, ასევე ჩვენი ქვეყნის, მთელი მოსახლეობისთვის. ამიტომაც, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ბერკეტები პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად”- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები